ნაზი, ჰაეროვანი ცომისა და უგემრიელესი კრემის კომბინაცია მოცემულ დესერტს დახვეწილსა და განუმეორებელს ხდის. შემოგთავაზებთ უგემრიელესი ეკლერების რეცეპტს.
ეკლერები არ არის მარტივად მოსამზადებელი ნუგბარი. პატარა დიასახლისებს, ალბათ გაგიკვირდებათ, რა ამოიყვანს ცომს, რომელსაც არ აქვს სოდა ან გამაფხვიერებელი? მიჰყევით რეცეპტს და ისეთ ოქროსფრად დაბრაწულ ეკლერებს მოამზადებთ, რომ გაოცდებით.
ბედნიერ ცხობას გისურვებთ!
საოცარი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 მლ რძე
- 100 გრ კარაქი
- 150 გრ ფქვილი
- მწიკვი მარილი
- 4 ცალი კვერცხი
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით რძე, ჩააგდეთ კარაქი, დაამატეთ მარილი და აურიეთ. კარაქი გაადნეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, თან განუწყვეტლივ ურევთ. მასა შეიკვრება და გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელ ცომს სათითოდ შეაზილეთ კვერცხი. მიიღებთ ელასტიურ და რბილ ცომს.
- საცხობ ფორმაზე წაუსვით ცხიმი ან დააფინეთ პერგამენტი. მზა მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და ფორმაზე დასვით 10 სმ სიგრძის ზოლები. ცომებს შორის დატოვეთ მანძილი, დაახლოებით 5-5 სმ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი (გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის სისწრაფე). ღუმელი არ გამოაღოთ, სანამ ეკლერები არ გამოცხვება.
უგემრიელესი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 400 მლ რძე
- 2 კვერცხის გული
- 1,5 ს. კ. ფქვილი
- 1,5 ს. კ. სახამებელი
- 150 გრ შაქარი
- 80 გრ დარბილებული კარაქი
- ვანილი
მომზადების წესი:
- კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, თბილი რძე, ფქვილი, სახამებელი, კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურევთ. კრემი ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი, აურიეთ და გააგრილეთ. შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში თქვეფთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარაზე.
- ჰაეროვანი და ნაზი კრემი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. ოქროსფრად დაბრაწული ეკლერები გვერდიდან ოდნავ ჩაჭერით და შეავსეთ გემრიელი კრემით.
ეკლერები ზემოდან დაფარეთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადით. მოამზადეთ ეს საოცრება და გემრიელად მიირთვით!