შემოგთავაზებთ უგემრელესი კრემების რეცეპტებს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მოამზადეთ ტორტები, ეკლერები, ხვეულები, რულეტები და სხვა ნებისმიერი დესერტი.
1. კლასიკური მოხრშული კრემი
მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- შაქარი 200 გრ
- ვანილი
- ფქვილი 50 გრ
- 4 ცალი კვერცხის გული
- კარაქი 200 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ადუღებული რძე დაამატეთ კვერცხიან მასას, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე.
- მზა მასა გააგრილეთ და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ კარგად ათქვეფილ კარაქს.
- მიიღებთ ნაზ, ჰაეროვან კრემს, რომელიც შეგიძლიათ ტორტებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
2. კარაქის უნივერსალური კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 200 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. მასა თანდათან გასქელდება. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
- კარაქი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიანი გაგრილებული მასა და ვანილი.
- მიიღებთ უგემრიელეს და უნაზეს კრემს.
3. შესქელებული რძისა და კვერცხის კრემი
მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დარბილებული კარაქი 200 გრ
- შესქელებული რძე 100 გრ
- 2 ცალი კვერცხის გული
- ვანილი მწიკვი
- კონიაკი 30 გრ
მომზადების წესი:
შესქელებული რძე ათქვიფეთ კარაქთან ერთად და სათითაოდ შათქვიფეთ კვერცხის გულები (თქვეფა არ შეწყვიტოთ). შეაზავეთ ვანილითა და კონიაკით.
4. შესქელებული რძისა და კარაქის კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შესქელებული რძე 1 ქილა
- კარაქი 200 გრ
- მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ კარგად და ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე. თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აუცილებლად დაამატეთ ვანილი.
5. ,,მასკარპონე“
შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით, კრემ-ყველი მასკარპონე უმარტივესი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო (18%-იანი ცხიმიანობის) 200 გრ
- ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის) 200 გრ
მომზადების წესი:
ხაჭო გაატრეთ საცერში, დაასხით ცივი ნაღები და ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქერაზე. თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
6. მოხარშული კრემი
მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ვანილი
- რძე 1,5 ჩ. ჭ.
- გამდნარი კარაქი 2 ჩ. კ.
- ფქვილი 2 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში აურიეთ ფქვილი და კვერცხი. სხვა ქვაბში აადუღეთ რძისა და შაქრის ნარევი. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ ხოლმე.
- ადუღებული ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილიან მასას, კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეხლზე. კრემს ურევთ განუწყვეტლივ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
- კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ვანილი, კარაქი და აურიეთ. გაგრილების შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით.
- ფაფუკი და ნაზი კრემით შეგიძლიათ მოამზადოთ ეკლერები, ხვეულები და სხვა დესერტები.
7. კარაქის კრემი
კრემი უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთში უგემრიელესი კრემი მზად გექნებათ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 გრ (ოთახის ტემპერატურის) კარაქი
- 200 გრ შაქრის ფხვნილი
- 100 მლ რძე (შეგიძლიათ დაამატოთ 150-200 მლ კრემი უფრო ნაზი და ნაკლებად ცხიმიანი გამოვა)
- მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:
რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი. შემდეგ რძე დაასხით ნელ-ნელა და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვეფთ, დაახლოებით 3-5 წუთი (შეიძლება 5 წუთზე მეტი დროც დასჭირდეს), მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.
ვანილის ნაზი არომატით გაჯერებული ფაფუკი კრემი ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.