
სტატიაში ვისაუბრებთ არომატული და წვნიანი მანდარინის ქერქის სარგებლის შესახებ.
შემოგთავაზებთ მანდარინის ქერქის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობითაც მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. მიირთვით საოცრად არომატული და წვნიანი მანდარინი, ხოლო ქერქი სამკურნალოდ გამოიყენეთ.
მანდარინის ცედრა შეიცავს ჰესპარიდინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ამრიგად, ის მნიშვნელოვანია ართრიტის სამკურნალოდ და მოგიხსნით ტკივილსა და შეშუპებას.
მანდარინის ცედრა უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და აქტიურად გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭის წყლულის პრობლემების სამკურნალოდ, ქოლესტერინისა და შაქრის დონის შესამცირებლად, უძილობის პრობლემის დასაძლევად.
ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს უძილობა და თუ მოცემული პრობლემა სისტემატიურ ხასიათს იღებს, შეიძლება შედეგად მოჰყვეს ჰორმონალური დისბალანსი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
ორგანიზმისთვის აუცილებელია მშვიდი და ღრმა ძილი. ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას, სისუსტეს, კონცენტრაციის ნაკლებობას და იმატებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ადამიანები უძილობისგან თავის დაღწევას მედიკმიკამენტების საშუალებით ცდილობენ. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები იწვევს შეჩვევას და მომხმარებელი მათზე დამოკიდებული ხდება. გარდა ამისა, მათ ახლავს გვერდითი მოვლენებიც.
შემოგთავაზებთ ჩინური მედიცინიდან სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მოდუნებას, სტრესის მოხსნას, ნერვების დამშვიდებას, სწრაფად და მარტივად დაძინებას. მანდარინის ცედრა უძილობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
მანდარინის ცედრის ბაზაზე მომზადებული ჩაი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლის გარდა, ჩაი წმენდს ღვიძლს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩაი გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალებაა. საკეთესოა მუდმივი ხველისგან და ლორწოსგან გასათავისუფლებლად.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გვირილა
- ლავანდა
- ვალერიანის ძირები
- მანდარინის ცედრა 1 ჩ. კ.
- წყალი 400 მლ
მომზადებისა და მიღების წესი:
- პირველ რიგში, თანაბარი რაოდენობით აიღეთ გვირილა, ლავანდა, ვალერიანის ძირები და მოამზდეთ ნარევი. სამკურნალო მცენარეების ნარევის 1 ს. კ. ჩაყარეთ დიდ ფინჯანში, დაამატეთ მანდარინის ცედრა, დაასხით ადუღებული წყალი და 10 წუთი დააყოვნეთ. შემდეგ გადაწურეთ და სამკურნალო ჩაიც მზად არის.
- თბილი ნაყენი მიიღეთ დღეში 2-ჯერ, სააღამოს და ძილის წინ. ეფექტურ შედეგს მალე მიიღებთ. ნაყენი შეგიძლიათ მიიღოთ გაღიზანებისა და ძლიერი სტრესების დროს.
ბრონქიტის დროს საუკეთესოა მანდარინის ქერქის ნახარში.
ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მანდარინის დაჭრილი ქერქი 2 ს. კ.
- წყალი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მანდარინის ქერქს დაასხით ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და 1 საათით დააყოვნეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნახარში გადაწურეთ.
- სასმელის ნახევარ-ნახევარი ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
უძილობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს შეგიძლიათ გაიკეთოთ მანდარინის ქერქის აბაზანა.
აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მანდარინის დაჭრილი ქერქი 1 ჩ. ჭ. დაასხით 3 ლ ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 1-2 წუთი. მზა მასა გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში დაამატეთ 37-38 გრადუსი ტემპერატურის თბილ წყალს. დღეგამოშვებით 15 წუთით, ძილის წინ, გაიკეთეთ მანდარინის ქერქის ნახარშის აბაზანა.
გამოიყენეთ მანდარინის ქერქი ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ. დღეში 2-ჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში ქერქი შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე.
მშრალი ხველისა და ნახველის საწინააღმდეგო ნაყენი
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ მანდარინის დაჭრილი ქერქი 2 ს. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. არაყი და ერთი კვირით დააყოვნეთ სიბნელეში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის კონტეინერში. ნაყენის 20 წვეთი დაამატეთ 100 მლ წყალს და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
გამოიყენეთ მანდარინის ქერქი მეტეორიზმისა და დისბაქტერიოზის დროს
მანდარინის გამხმარი ქერქი დაფქვით ყავის საფქვავში და 1 ჩ. კ. დაამატეთ ხაჭოს ან ფაფას, ან სხვა კერძს და მიირთვით.
გრიპისა და გაციების დროს მანდარინის დაჭრილ ქერქს (დაახლოებით ერთი მუჭა) დაასხით ცხელი წყალი და 10-12 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ინჰალაცია. 1 საათის განმავლობაში არ გახვიდეთ გარეთ.
ყურადღებით გაეცაანით მოცემულ ინფორმაციას, არ გადააყაროთ მანდარინის ქერქი, გამოიყენეთ მისი სარგებელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.


