ტორტი შედედებული რძით, რომელიც მზადდება ტაფაზე. მოსამზადებლად უმარტივესია, გემოთი კი – ნამდვილი საოცრება

0
454

შემოგთავაზებთ  8 თხელი ფენისა და საოცრად არომატული კრემის კომბინაციით მომზადებული ნაზი, ჰაეროვანი და ზღაპრულად გემრიელი ტორტის რეცეპტს.

ფენებს აცხობთ ტაფაზე. იყო დრო, როდესაც ნამცხვრებს ტაფაზე ვაცხობდით და თავს ვიწონებდით ჩვენი ნამზადით. პირადად მე ახლაც აქტიურად ვიყენებ მოცემულ რეცეპტს, განსაკუთრებით, როდესაც დასასვენებლად ვარ.

ტორტი უმარტივესი მოსამზადებელია. მართალია, 8 ფენის გამოცხობა გჭირდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ფენები ძალიან სწრაფად ცხვება და რამდენიმე წუთში მზად გექნებათ.

კრემი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით და თქვენთვის ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კრემი ან  მოხარშული შესქელებული რძე. ტორტს საოცარ არომატს შეჰმატებთ თუ ორ ფენაზე კრემის ნაცვლად გახეხილი შინდის ჯემს წაუსვამთ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 600 გრ
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • კვერცხი 2 ცალი
  • სოდა/ძმრით 1 ჩ. კ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 750 მლ
  • კარაქი 200 გრ
  • შაქარი 200 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 5 ს. კ.
  • ვანილი
  • კონიაკი 2 ს. კ.
  • ნიგოზი (თხილი ან მიწის თხილი) ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში ჩაასხით შესქელებული რძე, დაამატეთ კვერცხი, გაცრილი ფქვილი და სოდა/ძმრით. მოზილეთ ელასტიური  ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გეწებებოდეთ.
  2. მზა ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 26-27 სმ დიამეტრის ფენად (გაითვალისწინეთ თქვენი ტაფის ზომა).
  3. ფენები ორივე მხრიდან გამოაცხვეთ ტაფაზე. გაითვალისწინეთ, ცხვება ძალიან სწრაფად.
  4. ფენები გააგრილეთ და უსწორმასწორო გვერდები გაუსწორეთ. ნარჩენები დაფშხვენით (დაგჭირდებათ ზემოდან მოსაყრელად).
  5. ამზადებთ კრემს: კვერცხი შაქარი, ვანილი  და ფქვილი ათქვიფეთ, ნაწილ-ნაწილ დაასხით ცხელი რძე. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ, ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. ცხელ კრემს დაამატეთ დარბილებული კარაქი, კონიაკი და კარგად აურიეთ. თბილი კრემი ათქვიფეთ მიქსერით.
  6. ლანგარზე დადეთ პირველი ფენა და წაუსვით თბილი კრემი, შემდეგ_მეორე ფენა, ისევ_კრემი და ასე მორთეთ ყველა ფენა.
  7. ნიგოზი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნაფხვენები და მთლიანად დაფარეთ ტორტი.
  8. ტორტი მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

დილით გემრიელად მიირთვით ნაზი, ჰაეროვანი, სველი და არომატული კრემით გაჯერებული დესერტი.