ალოე და ქოქოსი საუკეთესო პროდუქტებია კანის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი, გამონაყარი, გაღიზიანება ან კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები, აკნე, ნაწიბურები.
ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა. აღმდგენი თვისებების წყალობით ამ ორი საოცარი პროდუქტის კავშირი აქტიურად გამოიყენება კომერციული მალამოების მოსამზადებლად.
ალოე ვერას მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის. კურნავს რუჯის შედეგად მიღებულ დამწვრობებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, მოგაშორებთ გამონაყარს, ებრძვის სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, აკნესა და მის შედეგად წარმოქმნილ ნაწიბურებს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
ქოქოსის ზეთი დამატენიანებელი საშუალებაა, აფერხებს დაბერების პროცესს, არბილებს კანს, განსაკუთრებით ეფექტურია გამომშრალი კანისთვის, ფლობს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს. ეფექტურად გამოიყენება ეგზემის, ფსორიაზის, მზის დამწვრობების, გამონაყარისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. ქოქოსის ზეთი შესანიშნავია მასაჟისთვის, სასრგებლოა როგორც კანისთვის, ისე თმისთვის.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ საოცარი მალამოს მომზადებას. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ალოე ვერას ახალი (პირდაპირ მცენარის ფოთლიდან გამოწურული) გელი. ქოქოსის ზეთიც უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 100 მლ
- ალოეს გელი 70 მლ
- რამდენიმე წვეთი თქვენთვის საყვარელი ეთერზეთის, მაგალითად, ლავანდის, ჟასმინის, ვარდის, ფორთოხლის ან ლიმონის
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ თასში. სასურველია, გამოყენებამდე ქოქოსის ზეთი გააჩეროთ 20°C ტემპერატურაზე, რადგან დაბალ ტემპერატურაზე უფრო მყარია და კარგად არ ერწყმის ალოეს გელს.
- შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ ან დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ნაზი მალამოსებური მასა.
- შეგიძლიათ თქვეფის დროს დაამატოთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. დაიმახსოვრეთ, მალამო არ გამოიყენოთ პლასტმასის კონტეინერში, რადგან ეთერზეთს შეუძლია რეაგირება მოახდინოს პლასტმასის ზოგიერთ სახეობასთან.
მალამო შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ თუ ტემპერატურა 22°C-ზე მეტია, ქოქოსის ზეთი იწყებს დნობას. ზაფხულის ცხელ დღეებში მალამო შეინახეთ მაცივარში.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ და დატენიანებულ სახის კანზე, მაგალითად, შხაპის მიღების შემდეგ.
ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის საოცარი მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლად.