სნიკერსი საკუთარი ხელით, რომელიც იმდენად გემრიელი გამოდის, ოჯახის ყველა წევრსა და მეგობარს აღაფრთოვანებთ

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც მოამზადებთ უგემრიელეს ,,სნიკერსს“. ხენაკეთი ნუგბარი ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი. მართალია, არ არის მარტივად მოსამზადებელი, მაგრამ ღირს ცდად. მიჰყევით რეცეპტს, დაიცავით თანმიმდევრობა და საქმეც გაგიმარტივდებათ.

პირველი ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძიანი შოკოლადი 200 გრ
  • კანფეტი ,,ირისკა“ 50 გრ
  • კარაქი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. პატარა ქვაბში მოათავსეთ რძიანი შოკოლადი, ირისკა, კარაქი და დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ურევთ განუწყვეტლივ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და პირველი ფენაც მზად არის.
  2. საცხობ ფორმას (22 სმ/35 სმ) წაუსვით კარაქი. მომზადებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და ნიჩაბით თანაბრად გაანაწილეთ. ფორმა შედეთ მაცივარში.

მარშმალოუს კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • წყალი ¼ ჩ. ჭ.
  • მარილი ¼ ჩ. კ.
  • მურაბის წვენი (თეთრი ბლის, ატმის) 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით წყალი, კარგად მოურიეთ და 40-50 წუთი გააჩერეთ. კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ.
  2. მურაბის წვენი დაშაქარი აურიეთ. ნარევი 5 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ და თანდათან დაასხით აფუებული ჟელატინი. მიღებული მასა (თბილი) ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ ცილას, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

მეორე ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 4 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • შესქელებული რძე ¼ ქილა
  • მარშმალოუს კრემი 1,5 ჩ. ჭ.
  • არაქისის კარაქი 50 გრ
  • ვანილი
  • მარილიანი მიწისთხილი (დაჭრილი) 1,5 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. კარაქი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, შეურიეთ შაქარი და შესქელებული რძე. ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ სწრაფად შეურიეთ მარშმალოუს კრემი, არაქისის კარაქი და ვანილი. მომზადებულ მასას დაამატეთ დაჭრილი მიწისთხილი.
  2. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მომზადებული მასა პირველ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ. ფორმა კვლავ შედეთ მაცივარში.

მესამე ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კანფეტი ,,ირისკა“ 400 გრ
  • სქელი ნაღები ¼ ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ირისკა მოათავსეთ ქვაბში, დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურევთ განუწყვეტლივ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი კონსისტენციის.
  2. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან. მომზადებული მასა დაასხით მეორე ფენას, თანაბრად გაანაწილეთ და შედეთ მაცივარში.

მეოთხე ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძიანი შოკოლადი 200 გრ
  • კანფეტი ,,ირისკა“ 50 გრ
  • კარაქი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. პატარა ქვაბში მოათავსეთ დატეხილი რძიანი შოკოლადი, ირისკა და კარაქი. ქვაბი დადგით ორთქლის აბაზანაზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურევთ განუწყვეტლივ.
  2. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მზა დესერტის ზედაპირზე შოკოლადის მასა თანაბრად გაანაწილეთ. ფორმა 1 საათით კვლავ შედეთ მაცივარში.

საოცრად გემრიელი დესერტი მზად არის, დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. გემრიელად მიირთვით!