ითვლება, რომ ბლინების გამოცხობა ნამდვილი ხელოვნებაა. შემოგთავაზებთ საოცრად არომატული, გემრიელი და თხელი ბლინების საუკეთესო რეცეპტებს. მიჰყევით მოცემულ რეცეპტებს, განსაზღვრეთ ცომის ზუსტი რაოდენობა, დაასხით ტაფაზე, ოსტატურად გადააბრუნეთ და მოამზადეთ თხელი, გემრიელი, სურნელოვანი ბლინები.
1. ბლინები რძითა და მინერალური წყლით
ბლინების მოსამზადებლად არ გჭირდებათ საფუარი და სოდა. მის შემადგენლობაში შედის მინერალური წყალი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ს. კ.
- მინერალური წყალი 1 ჩ. ჭ.
- რძე 2 ჩ. ჭ.
- ზეთი 3 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 3 ს. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ანადუღარი თბილი რძე და ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მიქსერით ათქვიფეთ. ცომი დაასვენეთ 15 წუთი და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გამოაცხვეთ ბლინები.
უგემრიელესი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, არაჟანთან, მურაბასთან ერთად ან შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით.
2. საუკეთესო ცომი კეფირით
კეფირით მომზადებული ბლინები ჰაეროვანი და ნასვრეტებიანია.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- კეფირი 1,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი მწიკვი
- ზეთი 50 მლ
- სოდა 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ცალკე ჭურჭელში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა და აურიეთ.
- კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ და შეურიეთ კეფირიან მასას. შემდეგ დაამატეთ ზეთი, ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ათქვიფეთ მიქსერით.
- თუ ცომი სქელი გამოგივიდათ დაამატეთ კეფირი. ბლინები ჩვეულებრივი წესის მიხედვით გამოაცხვეთ ცხელ ტაფაზე.
3. ბლინების მარტივი ცომი წყლით
ბლინები შეგიძლიათ მოამზადოთ წყლით. მიიღებთ შესანიშნავ ცომს და შეძლებთ თხელი, გემრიელი ბლინების მომზადებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 3 ს. კ.
- წყალი 2,5 ჩ. ჭ.
- შაქარი 2 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი მწიკვი
- ზეთი 50 მლ
მომზადების წესი:
კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ, დაასხით წყალი და კარგად აურიეთ. ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. ბოლოს შეურიეთ ზეთი. ბლინები გამოაცხვეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
4. საფუვრიანი ცომით მომზადებული ბლინები
ამ ცომიდან გამოდის მადისაღმძვრელი, გემრიელი და სურნელოვანი ბლინები.
საჭირო ინგრედიენტები:
- რძე 2 ჩ. ჭ.
- ფქვილი 2,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- საფუარი 1 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- შაქარი 3 ს. კ.
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- თბილ რძეს დაამატეთ მარილი და შაქარი.
- ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, საფუარი და თანდათან დაასხით რძე. ცომი 45 წუთით დადეთ სითბოში. მასა 2-ჯერ მოიმატებს. ბოლოს დაამატეთ წინასწარ ათქვეფილი კვერცხი და ზეთი. მზა ცომი კიდევ გააჩერეთ ნახევარი საათი.
- ბლინები გამოაცხვეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
5. თხელი სამარხვო ბლინები
შემოგთავაზებთ სამარხვო თხელი, ნაზი, არომატული ბლინების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- მარილი მწიკვი
- ზეთი 50 მლ
- წყალი 500-600 მლ (ფქვილის ხარისხის მიხედვით განსაზღვრეთ წყლის რაოდენობა)
მომზადების წესი:
- ფქვილს დაამატეთ მარილი, ზეთი და ნელ-ნელა დაასხით წყალი. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მომზადებული მასა მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ცომი უნდა იყოს ოდნავ ბლანტი, დაახლოებით, თხელი კეფირის მასის მსგავსი.
- ცხელ ტაფას დაასხით ცოტა ზეთი და დაიწყეთ ბლინების ცხობა. 3-4 ბლინის გამოცხობის შემდეგ ზეთი აღარ დაგჭირდებათ.
მოამზადეთ შეუდარებელი დესერტი და გემრიელად მიირთვით!