თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ერთ მხრივ, კარგია, რადგან ჭარბი ცხიმის წყალობით დიდი ხნით შეუნარჩუნებთ კანს ელასტიურობას და ახალგაზრდულ იერს. მეორე მხრივ, ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, რადგან ცხიმის ჭარბი სინთეზი დისკომფორტს უქმნის ასეთი კანის მქონე ადამიანებს. მათ მთელი ცხოვრება უწევთ ბრძოლა ცხიმოვან ბზინვარებასთან, შავ წერტილებთან, გამონაყართან, გაფართოებულ ფორებთან.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას და უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ეფექტური საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც წმენდს და ხურავს ფორებს, ათანაბრებს კანის ტონს, აფერხებს აკნეს განვითარებას, მოგიხსნით ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელ ბზინვარებას.
1. გამწმენდი საშუალება
აუცილებელია სახის დილა-საღამოს დაბანა და კანის რეგულარულად გაწმენდა. ბუნებრივი გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
- ზღვის ან ჰიმალაის მარილი (წვრილი) ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 1-2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნარჩენები ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ_ცივით. ცივი წყალი ამცირებს ფორებს.
მოცემული საშუალება ღრმად წმენდს ფორებს, აშორებს ყველა სახის დაბინძურებას, მიკრობებს, ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას.
2. გამწმენდი საშუალება
გამწმენდი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- შაქარი 2 ს. კ.
- ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
3. ხილისა და კენკრის ნიღბები
ხილისა და კენკრის ნიღბები ატონიზირებს კანს, ხელს უშლის ანთებას, აკნეს, ამცირებს ფორებს, მოგაშორებთ ცხიმის ბზინვარებას.
თქვენთვის ხელმისაწვდომი ხილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაგჭირდებათ მხოლოდ 1 ს. კ., დაამატეთ 1 ჩ. კ. კარტოფილის სახამებელი. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
4. ნატურალური სკრაბები
გამოიყენეთ ბუნებრივი სკრაბები ძილის წინ 7-10 დღეში ერთხელ. ამ გზით შეძლებთ ფორების ცხიმისგან, მტვრისა და გარქოვანებული უჯრედებისგან გაწმენდას. პილინგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს შავი წერტილების მოშორებას.
5. ვიტამინი C
ვიტამინი C ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ამიტომ, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ხილი და ბოსტნეული.
6. დაორთქვლა
მოცემული პროცედურისთვის დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები:
- ცხელი წყალი
- ლიმონის წვენი
- ყინულის კუბიკები
- ბამბის ფირფიტა
თასში ჩაასხით ცხელი წყალი და სახე 3-5 წუთით გააჩერეთ ორთქლზე. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ ლიმონის წვენით და გაიწმინდეთ სახე. პროცედურის ბოლოს ცივი წყლით დაიბანეთ და ყინულის კუბიკი შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. დაორთქვლა ამცირებს ფორებს. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს, ძილის წინ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.