ფენოვანი კოვზები წითელი ხიზილალით. საუცხოო კერძი, რომლითაც სტუმრების სასიამოვნოდ გაოცებას შეძლებთ

ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ სადღესასწაულო სუფრა გამორჩეულად ლამაზი იყოს და წინასწარ გეგმავს როგორ წარადგინოს ესა თუ ის კერძი, რომ იყოს ეფექტური და არაჩვეულებრივი.

შემოგთავაზებთ მარტივ იდეას, რომლის მიხედვითაც შეძლებთ წითელი ხიზილალას ორიგინალურად გაფორმებას. დაგჭირდებათ ფენოვანი ცომისგან მომზადებული კოვზები. გემრიელ და არომატულ კოვზებს ამოავსებთ კარაქით, ზემოდან ლამაზად გაანაწილებთ წითელ ხიზილალას და საოცრად ლამაზი, გემრიელი და შესაჭმელად მოსახერხებელი კერძიც მზად არის.

ფენოვანი ცომის კოვზების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყიდი ცომი ან თქვენ თვითონ მოამზადოთ.

ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. დაგჭირდებათ ჩაის კოვზები. კოვზი დადეთ გაბრტყელებული ცომის ზედაპირზე და კონტურის გასწვრივ გამოჭერით. მიღებული ცომები დადეთ კოვზებზე. ამ გზით გამოჭრილ ცომებს შეუნარჩუნებთ საჭირო ფორმას. შემდეგ ცომიანი კოვზები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი. გამომცხვარი ცომები ფრთხილად აიღეთ კოვზებიდან გაგრილების შემდეგ.

ამზადებთ გულსართს: გაყინული კარაქი გახეხეთ, ამოავსეთ კოვზები და ზემოდან ლამაზად გაანაწილეთ ხიზილალა. შეგიძლიათ კარაქის ნაცვლად გამოიყენოთ გახეხილი ყველი ან თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოამზადოთ სასურველი შიგთავსი.

ულამაზესი კოვზები ლამაზად დააწყვეთ ლანგარზე, შეგიძლიათ გააფორმოთ სალათის ფურცლებით და გაამშვენიეროთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა.