შოკოლადის კრემ-დესერტი გამოდის ზომიერად ტკბილი, უგემრიელესი და ძალიან ნაზი. საკმაოდ იოლი მოსამზადებელია

შემოგთავაზებთ შოკოლადის კრემით მომზადებული ზომიერად ტკბილი, უგემრიელესი, ნაზი, განსხვავებული და დელიკატური დესერტის რეცეპტს.

შოკოლადის საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • ნაღები 20%-იანი 200 მლ
  • შავი შოკოლადი 100 გრ
  • კაკაო 15 გრ
  • შესქელებული რძე 50 გრ
  • შაქარი 30 გრ
  • ჟელატინი 10 გრ

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. შავი შოკოლადი დატეხეთ წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, შესქელებული რძე,  შაქარი და აურიეთ.
  4. ცალკე თასში მოათავსეთ კაკაოს ფხვნილი, დაასხით 3 ს. კ. ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  5. კაკაოს მასა ნაწილ-ნაწილ შეურიეთ რძიან ნარევს. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ.
  6. ადუღების შემდეგ დაამატეთ დატეხილი ან გახეხილი შოკოლადი და ურევთ შოკოლადის გადნობამდე. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან.
  7. აფუებული ჟელატინი ცოტა ხნით დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე (არ აადუღოთ).
  8. ჟელატინი თანდათან  დაამატეთ შოკოლადის ცხელ ნარევს და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  9. დაგჭირდებათ მართკუთხედი ფორმა (10 სმ/20 სმ). ფორმაში  ჩააფინეთ საკვების ცელოფანი და შოკოლადის თბილი კრემი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან გადააფარეთ ცელოფანი, გააგრილეთ და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
  10. დესერტი გადმოიტანეთ შესაბამისი ფორმის ლანგარზე, მოხსენით ცელოფანი და დაფარეთ კაკაოთი ან გახეხილი შოკოლადით.

მოამზადეთ შოკოლადის კრემის უგემრიელესი, ამავე დროს, ცივი დესერტი და გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი დღეები!

გემრიელად მიირთვით!