შემოგთავაზებთ უმშვენიერესი, უგემრიელესი, ხაჭოს არომატული შიგთავსით მომზადებული ღვეზელის ,,ხუჭუჭას“ რეცეპტს. დესერტი საოცრებაა, ერთმანეთს ერწყმის ნაზი ფხვიერი ცომის, ხაჭოს, ქოქოსის ფანტელების, ლიმონისა და ხილის არომატები.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 100 გრ
- შაქრის ფხვნილი 50 გრ
- 1 ცალი კვერცხის გული
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- ფქვილი დაახლოებით 200-250 გრ
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო ნახევარი კგ
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
- კვერცხი 3 ცალი
- სახამებელი 1 ს. კ.
,,ხუჭუჭას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ფანტელები 150 გრ
- შაქრის ფხვნილი 70 გრ
- კარაქი 100 გრ
- შიგთავსისთვის დაგჭირდებათ ხილი ან ჯემი თქვენი გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი, კვერცხის გული და გამაფხვიერებელი.
- ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
- 20-25 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ და ოდნავ ამოიტანეთ გვერდებზეც. უმჯობესია, ცოტა ღრმა ფორმას თუ გამოიყენებთ.
- ფორმა 30 წუთით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ მაცივრიდან და ცომზე გაანაწილეთ თქვენი საყვარელი ხილით. უგემრიელესია ბანანით, ნესვით, კენკრით, ფორთოხლით მომზადებული ,,ხუჭუჭა“.
- ამზადებთ შიგთავსს. ხაჭოს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, კვერცხის გული, სახამებელი და მიქსერით ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ლიმონის ცედრა და ხილზე თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- ქოქოსის ფანტელებს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, კარაქი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსზე. ფორმას გადააფარეთ ფოლგა და შედეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. 40 წუთის შემდეგ ფოლგა მოხსენით. ამ გზით ხელს შეუწყობთ, რომ ზედა, ქოქოსის, ფენა ძალიან არ დაიბრაწოს. გამოსაცხობად დასჭირდება კიდევ, დაახლოებით, 20 წუთი.
ღვეზელი ,,ხუჭუჭა“ ფანტასტიკურად გემრიელია და ლამაზი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!