ალბათ, გიყვართ მაიონეზით სხვადასხვა კერძების მომზადება. მართალია, კომერციული მაიონეზი ძალიან გემრიელია, მაგრამ პრობლემაა დანამატები: მჟავეები, კონსერვანტები, საღებავები, გემოს გამაძლიერებლები…
ამიტომ გირჩევთ, მაიონეზი მოამზადოთ შინ და თამამად მიირთვათ.
შემოგთავაზებთ სამ რეცეპტს, რომელთა საშუალებით მოამზადებთ გემრიელ და დაბალკალორიულ მაიონეზს.
1. ნაზი მაიონეზი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სტაფილო (საშუალო) 3 ცალი
- კარტოფილი (საშუალო) 4 ცალი
- ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 2-3 ს. კ.
- ნიორი 2-3 კბილი
- როზმარინი (ახალი ან გამხმარი) 1 ს. კ.
- დაჭრილი ოხრახუში (ან კამა, ქინძი) 1 ს. კ.
- კურკუმა ან შავი პილპილი მწიკვი
მომზადების წესი:
- კარტოფილი და სტაფილო გათალეთ, მოხარშეთ (ნახარში არ გადაღვაროთ), გააგრილეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში.
- შემდეგ დაამატეთ ნახარშის მცირე ნაწილი (რომ ბლენდერმა მუშაობა შეძლოს) და დააბლენდერეთ.
- დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, როზმარინი, მწვანილი და დააბლენდერეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება ნაღების კრემის მსგავსი.
- მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მაიონეზი ძალიან უხდება სალათებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუტერბროდების და სხვა კერძების მოსამზადებლად.
- აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 2 კვირა.
2. მწვანე მაიონეზი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ფანტელები 1 ჩ. ჭ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- ოხრახუში ან ქინძი 10-12 ღერო
- კურკუმა მწიკვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მასა უნდა იყოს კრემის მსგავსი.
- მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მაიონეზი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათების მოსამზადებლად.
აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.
3. თხილის მაიონეზი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თხილი კეშიუ (გარეცხეთ, 4 საათით ჩაალბეთ და შემდეგ კარგად გააშრეთ) 1 ჩ. ჭ.
- გაფილტრული წყალი 100 მლ
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 2 ჩ. კ.
- მდოგვი 1 ჩ. კ.
- ნიორი 1 კბილი
- მარილი 1 ჩაის კოვზამდე
- ზეითუნის ზეთი 100 მლ
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები, გარდა ზეითუნის ზეთისა, დააბლენდერეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ბლენდერი ჩართეთ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე და ნელ-ნელა დაამტეთ ზეითუნის ზეთი და თანდათან აუწიეთ სიჩქარეს.
მზა მაიონეზი გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. მაიონეზი გასქელდება. გამოსაყენებლად ვარგისია 7-10 დღე.