ფენოვანი ცომით მომზადებული უგემრიელესი ტარტალეტკების მარტივი რეცეპტი

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომით მომზადებული ძალიან გემრიელი, მსუბუქი დესერტის რეცეპტს. ხაჭოსა და კენკრის კომბინაცია დესერტს განუმეორებელ არომატს ჰმატებს.

და რაც მთავარია, ტარტალეტკები უმარტივესი მოსამზადებელია. ფენოვანი ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული. მცირე ძალისხმევა და რამდენიმე წუთში შეძლებთ  საყვარელი ადამიანების უგემრიელესი დესერტით გამასპინძლებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი 500 გრ
  • ხაჭო (საშუალო ცხიმიანობის) 200 გრ
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • კვერცხი 1 ცალი
  • კენკრა (თქვენთვის სასურველი) ახალი ან გაყინული

მომზადების წესი:

  1. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ. თქვენთვის სასურველი დიამეტრის ჭიქით ამოჭერით წრეები და დააწყვეთ ფორმაზე. აუცილებლად დაიცავით მანძილი. თითოეული წრის ცენტრში თითები მსუბუქად დააჭირეთ და გააკეთეთ შედარებით მცირე დიამეტრის ჩაღრმავება.
  3. ხაჭოს დაამატეთ 3 ს. კ. შაქარი, ვანილის შაქარი, ათქვიფეთ და ჩაღრმავებულ ნაწილებში ჩადეთ ცოტა-ცოტა ისე, რომ არ გაცდეთ შიდა წრეს. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ ჟოლო ან მარწყვი, ან თქვენთვის სასურველი სხვა კენკრა.
  4. კვერცხი ათქვიფეთ 1 ს. კ. წყალთან ერთად და სილიკონის ფუნჯის საშუალებით წაუსვით ცომის კიდეებზე და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

ფენოვანი ცომით მომზადებული მსუბუქი და ჰაეროვანი ტარტალეტკები შეგიძლიათ მოამზადოთ მოხარშული კრემით. თქვენთვის სასურველ კრემს ამატეთ გამოცხობის შემდეგ. ზემოდან ლამაზად გააფორმეთ კენკრით.

გემრიელად მიირთვით!