მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამდენი სარეცხი საშუალება, ჩვენი წინაპრები თავს იწონებდნენ თეთრი ნივთების სისპეტაკით, გაუხუნებელი და ბზინვარე სამოსით. თუ თვალს გადაავლებთ ბავშვობას და გაიხსენებთ თქვენი ბებიების ქათქათა თეთრეულს, შავ გაუხუნებელ სამოსს, ხასხასა ფერად ნივთებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მათ ბუნების ესმოდათ, იცოდნენ რა, როგორ და რისთვის გამოეყენებინათ.
მაგალითად, ჩვენი წინაპრები რეცხვის დროს დაფნის ფოთოლებს იყენებდნენ და ამ გზით სამოსს ან სხვა ნივთებს უნარჩუნებდნენ ფერსა და ბზინვარებას. დაფნის ფოთოლი ქსოვილს არბილებს და აძლევს საამო სურნელს.
მიჰყევით მოცემულ მითითებებს და ბუნების ამ საოცარი ქმნილებისგან მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი:
- დაგჭირდებათ დაფნის 12-15 ფოთოლი.
- დაფნის ფოთლები ჩაყარეთ დიდ ქვაბში, დასხით წყალი და აადუღეთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- როდესაც ნახარში გახდება იმ ტემპერატურის, რომ ხელი ჩაყოთ, გადაწურეთ (არ შეგეშინდეთ მისი მოყვითალო ფერის), ჩაასხით თასში და 1 საათით ჩაალბეთ ნივთები.
- შემდეგ ამზადებთ სოდიან ნარევს. დაახლოებით, 15 ლ წყალს დაამატეთ 3 ს. კ. სოდა. გასარეცხი ნივთების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრეთ წყლისა და სოდის რაოდენობა.
- ნივთები დაფნის ნახარშიდან ამოიღეთ, გაწურეთ და 2-3 საათით ჩაალბეთ სოდიან ხსნარში.
- შემდეგ დაამატეთ ცოტა ფხვნილი, გარეცხეთ და გამდინარე წყალში კარგად გაავლეთ.
შემოგთავაზებთ დაფნის ფოთლების გამოყენების მარტივ ვარიანტს:
- ამისთვის შეკერეთ პატარა ქისა. ქისაში ჩადეთ 5-7 დაფნის ფოთოლი, ქისას პირი მოუკარით და შედეთ სარეცხი მანქანის დოლურაში.
- დოლურაში შეყარეთ 2-3 ს. კ. სოდა და სარეცხის ფხვნილი. გამოიყენეთ ცოტა ფხვნილი, რადგან სოდა ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს. თუ ნივთები არ არის ჭუჭყიანი, ფხვნილი არ გამოიყენოთ. გარეცხეთ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. უბრალოდ დაამატეთ გავლების ფუნქცია.
თანამედროვე ეპოქაში, რეცხვის პროცესი ძალიან გამარტივდა, მაგრამ მოერიდეთ სურნელოვანი ქიმიური საშუალებების გამოყენებას, მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი მოხმარება და აქტიურად გამოიყენეთ წინაპრების ცოდნა და გამოცდილება. დროდადრო აუცილებლად გამოიყენეთ დაფნის ფოთოლი და ბუნებრივი გზით შეუნარჩუნეთ სამოსს ფერი, პეწი და ბზინვარება!
შედეგი გაგაოცებთ!