შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ჟოლოს არომატი, ხაჭოს კრემი და ფენოვანი ცომი საოცარ კომბინაციას ქმნის. ,,თვალი სვამს და თვალი ჭამსო“_ ნათქვამია და პირველ ეფექტს ღვეზელის ვიზუალი მოახდენს, ხოლო დაგემოვნების შემდეგ აღფრთოვანდებით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი 500 გრ
- შაქარი ნახევარი ჭიქა
- ხაჭო 500 გრ
- ნაღები 2 ს. კ.
- ჟოლო 2 ჭიქა
- შაქრის ფხვნილი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
მომზადების წესი:
- ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ცომი ამოიტანეთ ფორმის კიდეებზე.
- ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
- ამზადებთ კრემს: ხაჭო, შაქარი და ნაღები ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.
- ამზადებთ ჟოლოს სიროფს: 1 ჭიქა ჟოლოს მოაყარეთ შაქრის ფხვნილის ნახევარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- გაგრილებულ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს კრემი. კრემზე დააწყვეთ დარჩენილი ჟოლო და ზემოდან ალაგ-ალაგ მოასხით მომზადებული სიროფი.
- ულამაზესი და უგემრიელესი ღვეზელი დაფარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილით!
გემრიელად მიირთვით!