ქიმიკატებით, საღებავებითა და არომატებით დატვირთული ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს საშუალო ღირებულება აქვს, ეკოლოგიურად სუფთა გელები კი გაცილებით ძვირი ღირს და მისი შეძენა ყველას არ შეუძლია.
შეიძინეთ იაფი სარეცხი საპონი და უმარტივეს ინგრედიენტებთან კომბინაციით თქვენი ხელით მოამზადეთ ჭურჭლის სარეცხი გელი.
გამოიყენეთ მხოლოდ ყავისფერი 72%-იანი სარეცხი საპონი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს, სოდას და ცოტაოდენ ტუტეს. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და არ იწვევს რეაქციებს ალერგიით დაავადებულებში.
ხელნაკეთი გელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 500 მლ
- ყავისფერი სარეცხი საპონი 72%-იანი 1 კალაპოტი
- გლიცერინი (ხელების კანის დასარბილებლად) 30 მლ
- არაყი 25 მლ ან სპირტი 10 მლ
მომზადების წესი:
- სარეცხი საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ 500 მლ წყალი და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ურევთ საპნის გადნობამდე.
- დაამატეთ გლიცერინი, სპირტი და გადაასხით შესაფერ ჭურჭელში.
ჭურჭლის სარეცხი ხელნაკეთი გელი უსაფრთხოა, ბიუჯეტური და ეფექტური.
სარეცხის საპნის ხელნაკეთი პასტა
უნივერსალური პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად. მოცემული საშუალება არ გამოიყენოთ ჭურჭლის გასარეცხად, რადგან მის მოსამზადებლად იყენებთ ყვითელ ან თეთრ სარეცხი საპონს. მათ შემადგენლობაში შედარებით მეტი ქიმიური ნივთიერება შედის. ხელნაკეთი პასტა ბევრად უფრო უსაფრთხო და იაფია, ვიდრე კომერციული საშუალებები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყვითელი სარეცხი საპონი 1 კალაპოტი
- წყალი 200 მლ
- ლიმონის კანი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, წყალი აადუღეთ.
- საპონი გახეხეთ, დაასხით მდუღარე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ საპნის გადნობამდე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში და უსიამოვნო სუნის გასაქრობად ჩადეთ ლიმონის ქერქი ან დაამატეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
სარეცხი საპნის პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად.
მოამზადეთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალებები და იზრუნეთ როგორც თქვენს ბიუჯეტზე, ისე თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე.