წყალბადის ზეჟანგი დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა. უსაფრთხო პროდუქტი კომერციულ ქიმიურ საშუალებებზე უკეთეს შედეგს იძლევა.
გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი და თქვენი სახლი სისუფთავისგან იბრწყინებს!
შემოგთავაზებთ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების რამდენიმე გზას.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველაზე რთული ფილებისა და კაფელის გაწმენდაა. მოამზადეთ ხსნარი ქვემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით და სასურველი შედეგის მიღებას შეძლებთ მარტივად.
ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა ნახევარი ჩ. ჭ.
- წყალბადის ზეჟანგი მეოთხედი ჩ. ჭ.
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ღრუბლის საშუალებით წაუსვით ფილებს, კაფელს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გადაბმის შორის ადგილებს. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
მატრასის გაწმენდა
მატრასის გასაწმენდი ხსნარის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ წყალბადის ზეჟანგი და წყალი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ხსნარით გააჯერეთ რბილი ქსოვილი ან ღრუბელი და გაწმინდეთ მატრასის დალაქავებული ადგილი. გააჩერეთ 10 წუთი. თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, გაწმინდეთ რამდენჯერმე.
აბაზანის გაწმენდა
დროთა განმავლობაში აბაზანა, ნიჟარა, ონკანი და საშხაპე სისტემა იფარება ნადებით და იბურება. მოცემული პრობლემის გადაჭრას შეძლებთ წყალბადის ზეჟანგისა და სოდის ნარევით.
შეურიეთ 2 წილი სოდა (ვთქვათ, 2 ს. კ.) და 1 წილი წყალბადის ზეჟანგი (1 ს. კ.). გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი. გააჩერეთ 5 წუთი და ჩამორეცხეთ წყლით.
კბილის ჯაგრისის დეზინფექცია
თვეში ერთხელ აუცილებელია კბილის ჯაგრისის დეზინფექცია. ჭიქაში ჩაასხით იმ რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი, რომ დაფაროს უშალოდ ჯაგრისი. გააჩერეთ 40 წუთი და შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში.
მაცივრის გაწმენდა
წყალბადის ზეჟანგით დაატენიანეთ რბილი ქსოვილი და გაწმინდეთ მაცივრის კედლები, თაროები, უჯრები. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, ხსნარი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და შეაფრქვიეთ, თან გაწმინდეთ. ამ გზით წმენდთ მაცივარს, ატარებთ დეზინფექციას და აქრობთ უსიამოვნო სუნს.
წყალბადის ზეჟანგის ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ 1 ს. კ. სოდა. თუ მაცივრის თაროები დალაქავებულია წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ 1 ს. კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
საჭრელი დაფების დეზინფექცია
აუცილებელია საჭრელი დაფების დეზინფექცია. დაფას შეასხურეთ წყალბადის ზეჟანგი. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ მოაყარეთ მარილი და წაუსვით ლიმონის ნაჭერი. ამ გზით შეძლებთ დაფების გაწმენდას, დეზინფექციას და უსიამოვნო სუნის გაქრობას.
სარკის გაწმენდა
თუ გსურთ, თქვენი სარკე ბრწყინავდეს, გაწმინდეთ წყალბადის ზეჟანგით და შედეგი გაგაოცებთ!
უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, წყალბადის ზეჟანგი, საოჯახო საქმეებში დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა.