ფაფუკი და ჰეროვანი ბისკვიტით მომზადებული ეს რულეტი მართლაც უნაზესი და უგემრიელესია

შემოგთავაზებთ ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტით მომზადებული უგემრიელესი რულეტის რეცეპტს. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ხილფაფა. უგემრიელესი გამოდის ვაშლის, შინდის, ატმის ხილფაფით.

თქვენს რულეტს განუმეორებელს გახდით, თუ მოამზადებთ გახეხილი და ცოცხლად შენახული შინდის ჯემითა და მოხარშული კრემით.

საოცრებაა კრემითა და ბანანით მომზდებული რულეტი. ასე რომ, თქვენი ფანტაზიის წყალობითა და ფუმფულა ბისკვიტით უგემრიელეს რულეტს მოამზადებთ.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეათქვიფეთ შაქრის ნახევარი და მწიკვი ლიმონმჟავა.
  2. გული მოათავსეთ ცალკე თასში, დააყარეთ დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე.
  3. მიღებული მასები გააერთიანეთ. მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი ან ნიჩაბი. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  4. თუ დიდი საცხობი ფორმა გაქვთ ცომი არ გაყოთ, ხოლო თუ პატარა ყალიბი გაქვთ, გაყავით ორ ნაწილად და გამოაცხვეთ ცალ-ცალკე.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით კარაქი ან ზეთი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  7. მზა ბისკვიტი ქაღალდით გადმოიტანეთ ჭურჭლის ტილოზე და რულეტივით გადაახვიეთ. გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ გახსენით, ქაღალდი მოაშორეთ და ბისკვიტზე წაუსვით სასურველი ხილფაფა. ზემოდან გადაუსვათ 100 გრ არაჟნისა და შაქრის ფხვნილის ნარევი და გაადახვიეთ.

ფუმფულა და გემრიელი რულეტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით!