გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს კანზე. ზამთარში სიცივისგან კანი იქერცლება, ზაფხულში კი სიცხისგან ცხიმიანდება. არასათანადო მოვლის გარეშე კანი კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას, ელასტიურობას, სიგლუვეს და თანდათან ჩნდება ნაოჭები.
ასეთი პრობლემის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, საუკეთესო გამოსავალია კანის პილინგი. კანის გასაწმენდად სასურველია გამოიყენოთ ბუნებრივი პროდუქტები. ყველა სეზონზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სეზონური ხილი ან ბოსტნეული. ზამთარში სახის პილინგისთვის საუკეთესო საშუალებაა მანდარინი.
შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ სახის კანის ღრმა გაწმენდას. დაგჭირდებათ მხოლოდ მანდარინის რამდენიმე ლებანი და მანანის ბურღული.
მანდარინის ერთ ლებანს ფრთხილად შემოაცალეთ თხელი აპკი და ამოაცალეთ თესლი. თასში ჩაყარეთ ცოტა მანანი, ჩაყავით მანდარინის ლებანი და ფრთხილი მოძრაობებით წაისვით სახეზე. მსუბუქად გამოუშვით წვენი.
შეგიძლიათ მეორე ლებანიც გამოიყენოთ. სახეზე უნდა დაგრჩეთ ნიღბის თხელი ფენა. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-7 წუთი. შემდეგ ხელები დაისველეთ თბილი წყლით და დაიწყეთ კანის გაწმენდა.
იმოქმედეთ ფრთხილად, კანი არ დაიკაწროთ!
ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით მსუბუქი დამატენიანებელი საცხი. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს.
შემოგთავაზებთ კიდევ ერთი ნიღბის რეცეპტს. კვერცხის გულის, მანდარინის წვენისა და დაფქული შვრიის ან ბრინჯის კომბინაციას მსუბუქი პილინგის ეფექტი აქვს.
აიღეთ თითო-თითო ჩ. კ. კვერცხის გული, მანდარინის წვენი და დაფქული ბრინჯი ან შვრია. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა სქელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი. ნიღაბი უნდა გაშრეს.
შემდეგ ხელები დაისველეთ თბილი წყლით და ფრთხილად გაიწმინდეთ სახის კანი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის კანის გამწმენდი პროცედურები ჩაიტარეთ 1-2 კვირაში ერთხელ.
შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით მცირე მასა და რამდენიმე საათით დააკვირდით. თუ კანი არ გაგიწითლდათ, მოცემული ნიღბები თამამად გამოიყენეთ.