ბევრი დიასახლისი ზამთრისთვის ამზადებს კონსერვებს: მწნილი, მარილიანი კონსერვი და, რა თქმა უნდა, მურაბა. ოღონდ კლასიკური რეცეპტით მურაბა არც თუ ისე სასარგებლო და ძალიან კალორიულია. დიაბეტიკებისთვის მურაბის ჭამა კი საერთოდ აკრძალულია და ყველაფერი შაქრის უზარმაზარი რაოდენობის გამო.
დღეს ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებით და უშაქრო შინაურული მურაბის რეცეპტს გაგიზიარებთ.
მურაბა უშაქროდ
ასეთი მურაბის მოხარშვა ჩვეულებრივზე უფრო რთული არაა. დიახ, ცოტა დროის დახარჯვა და წესების დაცვა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ასეთი მურაბა რამდენიმე მიდგომით მზადდება, შესანახად კი კარგად გარეცხილი, მინის ქილები დაგჭირდებათ. რომელი მურაბა შეიძლება უშაქროდ მოვამზადოთ? სინამდვილეში, აბსოლუტურად ნებისმიერი. რამდენიმე მაგალითს გიჩვენებთ.
1. მარწყვის მურაბა
გახურებულ სეზონზე საკმარისი რაოდენობის მარწყვის კონსერვი უნდა მოამზადოთ, რომ ზამთარში ტკბილეულით დატკბეთ. მურაბის მომზადება საკმაოდ მარტივია. კენკრა კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და ქაღალდის პირსახოცზე გაამშრალეთ. კენკრა ქვაბში ჩაყარეთ და წვენის გამოღებამდე გააჩერეთ, შემდეგ ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ტკბილეული ქილებში გადაანაწილეთ, 20 წუთით გაასტერილეთ და თავსახური მოხუფეთ.
ქილები გადააბრუნეთ და სრულად გაგრილება აცადეთ. ამის შემდეგ ქილები ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. ასეთი მურაბა ბლინების ან ღვეზელის შესანიშნავი შიგთავსი გახდება.
2. ქლიავის მურაბა
მურაბა ჩვენი ბავშვობიდან. მახსოვს, ბებია მე და ჩემს დას სამსახურში წასვლის წინ მურაბის ქილას, ახალ რძეს და პურს გვიტოვებდა. კარაქიან პურის ნაჭერთან ერთად მურაბის ჭამა და რძის დაყოლება ერთი დიდი სიამოვნება და ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებთ. კარგი მოგონებებია, მაგრამ ახლა რეცეპტს მივხედოთ.
მურაბისთვის ყველაზე წვნიანი ქლიავი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ოდნავ გადამწიფებული გამოიყენოთ. ქლიავი კარგად გარეცხეთ, კურკები გამოიღეთ და დიდ ჭურჭელში ჩაყარეთ. ხილი წვენის გამოღებამდე ხარშეთ, პერიოდულად აურიეთ. თქვენ სქელი მასა უნდა მიიღოთ, რომელშიც კოვზი ვერტიკალურად გაჩერდება. მაშინ მურაბა მზად იქნება.
ამის მიღწევა რთულია, მურაბა რამდენიმე მიდგომით უნდა მოხარშოთ. ჯერ ხილი 1 საათით ხარშეთ, შემდეგ 8-9 საათით გააგრილეთ, შემდეგ კვლავ 1 საათით ხარშეთ და 8-9 საათით გააგრილეთ. ასე 5-ჯერ უნდა გააკეთოთ. როცა სქელ მასას მიიღებთ, რომელის ქვაბის კედლებს ადვილად მოშორდება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მურაბა მზადაა.
ჯერ კიდევ ცხელი მურაბა ქილებში გადაანაწილეთ და გაგრილება აცადეთ. თავსახურის დახურება საჭირო არაა. ზემოდან პატარა მყარი ქერქი წარმოიქმნება, რომელიც მურაბას დაიცავს. ასეთი ქერქის გაჩენის შემდეგ ქილებს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ. არანაირი შაქარი!
3. ალუბლის მურაბა
ალუბლის მურაბის მოსამზადებლად, თქვენ ორი ჭურჭელი და მწიფე ალუბალი დაგჭირდებათ. მურაბა ორთქლის აბანოზე უნდა მოამზადოთ. ერთი ჭურჭელი წყლით ნახევრად გაავსეთ, მეორეში ალუბალი ჩაყარეთ და მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს ზემოდან დაადეთ. წინასწარ ალუბალს კურკები მოაშორეთ. ნახევარი საათის განმავლობაში წყალი ძლიერ უნდა დუღდეს, შემდეგ შეგიძლიათ ცეცხლს დაუწიოთ.
სუსტ ცეცხლზე მურაბა დაახლოებით 3 საათით უნდა ხარშოთ. შემდეგ გააგრილეთ და ქილებში გადაანაწილეთ. თავსახური დაახურეთ ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. მაცივარში შეინახეთ.
4. ჟოლოს მურაბა
ამ ტკბილეულის მოსამზადებლად ემალის ვედრო დაგჭირდებათ. ვედროს ძირში რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა დააფინეთ. მშრალ ქილებში ჟოლო ჩაყარეთ, კარგად ჩატუმბეთ. ჟოლოს ერთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებულობა აქვს: მურაბის მომზადებამდე გარეცხვა არ სჭირდება. ჟოლოთი სავსე ქილები ვედროში მოათავსეთ, ვედროს ცოტა წყალი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.
სანამ წყალი ადუღდება, ჟოლო წვენს გამოიღებს. მისი რაოდენობა შემცირდება, ამიტომ მუდმივად კენკრა დაუმატეთ. მას შემდეგ, რაც ქილა ბოლომდე წვენით გაივსება, 1 საათით ადუღება აცადეთ. ამის შემდეგ მოხუფეთ, გადააბრუნეთ და გააგრილეთ. მაცივარში შეინახეთ.
5. ვაშლი მოცხარის წვენში
ალბათ, ჩემი საყვარელი რეცეპტი. უჩვეულო მურაბა უგემრიელესი და ამავდროულად ძალიან სასარგებლოა. მის მოსამზადებლად 1 კგ ვაშლი და 1 კგ მოცხარი დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, კენკრას მიხედეთ. გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ, ქვაბში ჩაყარეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ხარშეთ, სანამ კენკრა ბოლომდე არ აორთქლდება. ეს მასა საწურში გახეხეთ და ქილებში გადაანაწილეთ, ქილები ნახევრად გაავსეთ. ახლა ვაშლი ნაჭრებად დაჭერით, შუაგული და კურკები მოაშორეთ. მოცხარს დაუმატეთ, 30 წუთით გაასტერილეთ და თავსახური მოხუფეთ. ესეც ასე, შეუდარებელი ტკბილეული მზადაა!
ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი ტკბილეული უშაქროდ. ამ მარტივ რეცეპტების წყალობით შეგიძლიათ საკუთარი თავი და ახლობლები სასარგებლო მურაბით გაახაროთ, რადგან კენკრაში ბევრი ვიტამინი და ცოტა კალორიაა.