
გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი დღეები უგემრიელესი, ცივი და საოცრად ნაზი ,,ჩიტის რძით“. შემოგთავაზებთ საუკეთესო რეცეპტს, რომლის მიხედვითაც დესერტს მარტივად და სწრაფად მოამზადებთ.
სასიამოვნო არომატის, შოკოლადის, ნაღების, ვანილის (შეგიძლიათ ცოტა კონიაკიც დაამატოთ) ნაკრები, თეთრი და შავი ფენები, მინანქარი და თვით საოცრება ,,ჩიტის რძე“ თქვენი სუფრის დედოფალია.
ცადეთ, მოამზადეთ და გააბედნიერეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
საჭირო ინგრედიენტები თეთრი ცომისთვის:
- ჟელატინი 10 გრ
- რძე 125 მლ
- ნაღები 200 მლ
- ვანილი
- შაქარი 90 გრ
შოკოლადის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იგივე ინგრედიენტები და 1 ს. კ. კაკაო
ინგრედიენტები მინანქარისთვის:
- შავი შოკოლადი 50 გრ
- ნაღები 40 მლ
მომზადების წესი:
- 18 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პარკი ან სტრეჩი (საკვების პლიონკა). შეგიძლიათ სილიკონის ფორმაც გამოიყენოთ.
- ჟელატინი ჩაალბეთ რძეში (შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით).
- ცივი ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
- გაღვივებული ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (შეგიძლიათ მიკროტალღური ღუმელიც გამოიყენოთ).
- ჟელატინიანი მასა პატარ-პატარა ულუფებით შეათქვიფეთ ნაღების მასას (აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში).
- კარგად ათქვიფეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შოკოლადიანი მასის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ იგივე ინგრედიენტები და მოამზადებთ იმავე წესის მიხედვით, მხოლოდ ნაღებისა და შაქრის მასას დაამატეთ კაკაო.
- მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა და თეთრ მასაზე თანაბრად გაანაწილეთ კაკაოს მასა.
- ფორმა 30 წუთით კვლავ მაცივარში შედეთ.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან და შემოაცალეთ პარკი.
- მინანქარის მოსამზადებლად ნაღები და შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
- დესერტი დაფარეთ შოკოლადის მინანქარით.
უგემრიელესი ,,ჩიტის რძე“ მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!