განსაკუთრებით მიყვარს ნამცხვარი ,,ჭიანჭველების ბუდე“, ვამზადებ და მოგონებებში გართული ბავშვობის ულამაზეს დღეებს ვესიყვარულები. შემოგთავაზებთ რეცეპტს დედას რეცეპტების რვეულიდან. ვისაც დიდი ხანია არ მოგიმზადებიათ, გაიხსენეთ, ვინც პირველად მოამზადებთ, დამერწმუნეთ, რომ ისიამოვნებთ.
საოცრად გემრიელი, არომატული დესერტის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: არაჟანი (20%) 200 გრ., კარაქი 200 გრ., შაქარი 100 გრ., ფქვილი 400-500 გრ., გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ.კ., ვანილი.
ინგრედიენტები კრემისთვის: მოხარშული შესქლებული რძე 1 ქილა, კარაქი 200 გრ., ნიგოზი (სურვილისამებრ, პირადად მე 1 ჩ. ჭ. დაჭრილ ნიგოზს ვიყენებ), ვანილი.
მომზადების წესი:
1. არაჟანი, დარბილებული კარაქი, შაქარი და გამაფხვიერებელი კარგად აურიეთ, ნელ-ნელა შეაზილეთ 400 გრ. ფქვილი და თუ საჭიროება მოითხოვს, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი მასა. მომზადებული ცომი გაატარეთ ხორცსაკეპში და პატარ-პატარა ნაწილებად გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
2. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი, სანამ მასა ოქროსფრად არ დაიბრაწება.
3. კრემის მოსამზადებლად დარბილებული კარაქი და მოხარშული შესქელებული რძე მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი და კრემიც მზად არის. ნიგოზი მოხალეთ და დაჭერით (წვრილად არ დაჭრათ).
4. მომზადებული ორცხობილები ძალიან პატარ-პატარა ნაწილებად დაყავით და მოათავსეთ თასში, შემდეგ დაამატეთ კრემი, ნიგოზი, კიდევ უფრო გააგემრიელებთ თუ დაამატებთ 1 ს. კ. თაფლს და ფრთხილად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ ლანგარზე და ბორცვის ფორმა მიეცით. გასაციებლად შედეთ მაცივარში.
ჭიანჭველების ბუდეს შეგიძლიათ ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხათ ან მოაფრქვიოთ გახეხილი შოკოლადი, ან მოაყაროთ ნიგოზი.
მოამზადეთ და ისიამოვნეთ!