ნაღების კარამელის რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ დესერტს კიდევ უფრო გააგემრიელებს

ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ ნაღების კარამელის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებს უხდება კარამელი. ახლა ხომ ნაყინების დროა. წარმოიდგინეთ რა გემრიელი იქნება თქვენი ხელით მომზადებული კარამელით გაგემრიელებული და გალამაზებული ნაყინი.

კარამელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 150 გრ.
  • ნაღები (ცხიმიანი) 120 გრ.
  • კარაქი 30 გრ

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ ორი პატარა სქელძირიანი ქვაბი. ერთში ჩაასხით ნაღები, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ.
  2. ნაღები უბრალოდ გააცხელეთ, არ აადუღოთ. პარელულად მეორე ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, რადგან შაქარი არ უნდა დაგეწვათ.
  3. შაქარი მთლიანად გაადნეთ, კრისტალები არ უნდა დაგრჩეთ (გაითვალისწინეთ, თუ კრისტალები დაგრჩათ ვერ მოამზადებთ საჭირო მასას).
  4. შაქარი ადუღეთ, სანამ ქარვისფერი არ გახდება. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ნელ-ნელა დაამატეთ ნაღები. მასა დაიწყებს აქაფებას. მორევა არ შეწყვიტოთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი.
  5. თუ გსურთ, რომ კარამელის სოუსი სქელი გამოგივიდეთ გამოიყენეთ ნაკლები რაოდენობის ნაღები, ხოლო თუ თხელი-დაამატეთ მეტი ნაღები.

უგემრიელესი კარამელი მზად არის. გადაიტანეთ მინის კონტეინერში, გააციეთ და შეინახეთ მაცივარში. თუ კარამელი გასქელდა, გამოყენებამდე შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.

მოამზადეთ კარამელის სოუსი, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.