
გამოიყენეთ შემოდგომის ხვავი და დაიჭირეთ თადარიგი სუსხიანი ზამთრისათვის. შემოგთავაზებთ საუკეთესო რეცეპტებს, რომელთა მიხედვითაც მოამზადებთ ლობიოს პომიდორში.
ლობიო ბულგარული პილპილით
ამ რეცეპტის მიხედვით, მომზადებული ლობიო უგემრიელესი გამოდის, არ სჭირდება სტერილიზაცია და ინახება წლების განმავლობაში.
5 კგ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 2,5 ჩ. ჭ. თეთრი ლობიო, 3,5 კგ პომიდორი, 2 კგ სხვადასხვაფერის ბულგარული პილპილი, 1 ჩ. ჭ. ზეთი, 1 ჩ. ჭ. შაქარი, 1-2 ცალი მწარე წიწაკა, 4 ჩ. კ. იოდიზირებული მარილი, 4 ჩ. კ. 9%-იანი ძმარი.
მომზადების წესი:
- ლობიო გაარჩიეთ, დაასხით ცივი წყალი და ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით ლობიო გარეცხეთ, დადგით მაღალ ცეცხლზე და აადუღეთ. პირველი წყალი გადააქციეთ, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ. მოხარშული ლობიო გადმოიტანეთ თუშფალანგზე.
- ბულგარულ წიწაკას ამოაცალეთ თესლი და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად. დაჭერით მწარე წიწაკაც.
- პომიდორი გარეცხეთ, დაჭერით, დააბლენდერეთ, გადაიტანეთ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ მარილი, შაქარი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დამუშავებული წიწაკები და ადუღეთ კიდევ 15 წუთი.
- ბოლოს დაამატეთ ლობიო და ადუღეთ კიდევ 10 წუთი. შეაზავეთ ძმრით და გადმოდგით ცეცხლიდან. მომზადებული კერძი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები ამოაბრუნეთ და შეფუთეთ. გაითვალისწინეთ, ქილები და ხუფები კარგად უნდა გაასტერილოთ.
ლობიო ტომატის სოუსში
ამჯერად, შემოგთავაზებთ კლასიკურ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ ლობიოს ტომატის პასტით.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 800 გრ ნებისმიერი სახეობის ლობიო, 800 მლ წყალი, 1,5 ს. კ. შაქარი, 1 ს. კ. მარილი, 250 გრ ტომატის პასტა (კარგი ხარისხის), შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- ლობიო ღამით ჩაალბეთ, დილით ჩვეულლებრივი წესის მიხედვით მოხარშეთ და გადმოიტანეთ საწურზე.
- ცალკე ჭურჭელში აურიეთ ტომატი და თბილი წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ ლობიოს მარცვლები, აურიეთ, დადგით მაღალ ცეცხლზე და აადუღეთ. მომზადება გააგრძელეთ დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ კიდევ 30 წუთი და შიგადაშიგ მოურიეთ ხის კოვზით.
- ქილები და ხუფები კარგად გაასტერილეთ. მომზადებული კერძი ცხელ-ცხელი გადაიტანეთ ქილებში და მოხუფეთ. ქილები გადაატრიალეთ და გაგრილებამდე შეფუთეთ.
წითელი ლობიო პომიდვრის სოუსითა და ჩილის წიწაკით
მექსიკური ლობიოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 500 გრ წითელი ლობიო, 1 კგ ხორციანი პომიდორი, 500 გრ ბულგარული პილპილი, 1-3 ცალი ცხარე წიწაკა, 300 გრ სტაფილო, 300 გრ ხახვი, 1 თავი ნიორი, ნახევარი ჩ. ჭ. ზეთი, 1 ს. კ. მარილი, 1 ს. კ. ძმარი, 1 კონა ოხრახუში.
მომზადების წესი:
- ლობიო ჩაალბეთ მთელი ღამით. შემდეგ მოხარშეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და საწურზე გადმოიტანეთ.
- აიღეთ სხვადასხვაფერის ბულგარული პილპილი, გაასუფთავეთ და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. პომიდორი დააბლენდერეთ. ხახვი და სტაფილო დაჭერით ზოლებად. სასურველ ზომებად დაჭერით ცხარე წიწაკა და ნიორი.
- სტაფილო და ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ პომიდორი, ნიორი, ცხარე წიწაკა, მოხარშული ლობიო, აურიეთ და ადუღეთ 30-40 წუთი. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და ადუღეთ კიდევ 5-7 წუთი.
- მომზადებული ლობიო გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ.
ლობიო პომიდვრითა და ნივრით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კგ, თეთრი ლობიო, 2 კგ სტაფილო, 2 კგ პომიდორი, 500 გრ ხახვი, 3 თავი ნიორი (დიდი თავები), 500 მლ ზეთი, 3 ს. კ. მარილი, 1 ჩ. ჭ. შაქარი, 1 ჩ. ჭ. ძმარი 6%-იანი.
მომზადების წესი:
- ლობიო ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით გარეცხეთ კარგად, ცალკე მოხარშვა არ სჭირდება.პომიდორი დააბლენდერეთ, დაამატეთ ლობიოს მარცვლები და აურიეთ.
- ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე და დამუშავებული ბოსტნეული დაამატეთ ლობიოს მასას. დაასხით ზეთი, დაამატეთ მარილი, შაქარი, კარგად აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და შეაზავეთ ძმრით. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ ერთი საათი.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და შეფუთეთ.
ლობიო პომიდვრის სოუსში
უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 250 გრ ლობიო, 3 ცალი ხორციანი პომიდორი ან 100 გრ ტომატის პასტა, 50 მლ ზეთი, 1 ჩ. კ. ძმარი, 1 ჩ. კ. შაქარი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- თუ თქვენ ლობიოს მომზადებას ტომატით გადაწყვეტთ, 100 გრ ტომატის პასტა გახსენით 1 ლ თბილ წყალში, ხოლო თუ პომიდორს აირჩევთ, გარეცხეთ, გაფცქვენით, დააბლენდერეთ და დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი.
- ცალკე ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ ლობიო და გადმოიტანეთ თუშფალანგზე.
- პომიდორი ადუღეთ ნახევარი საათი, აუცილებლად მოხადეთ მოყენებული ქაფი. როგორც კი, ქაფს აღარ მოიყენებს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ნელ-ნელა მოურიეთ და თავდახურული ადუღეთ 30 წუთი.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!