მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევას არ იშურებთ, არ აკლებთ თქვეფას, ითვალისწინებთ ყველა ნიუანსს, თქვენი ბისკვიტი არ გამოდის ფუმფულა და ნასვრეტებიანი.
გაგიმხელთ 6 საიდუმლოს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტის მომზადებას.
საიდუმლო N 1 ინგრედიენტების ტემპერატურა
ბისკვიტის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირი ტემპერატურის. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უკეთესია. ეს ეხება ჭურჭელსაც, რომელშიდაც ამზადებთ ცომს.
საიდუმლო N 2 ფქვილი
ბისკვიტის მოსამზადებლად გჭირდებათ უმაღლესი ხარისხის ფქვილი. ფქვილი აუცილებლად უნდა გაცრათ. 2-ჯერ გაცრა კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
საიდუმლო N 3 ცივი ცილა
ცილა გამოყენებამდე შედეთ მაცივარში, რადგან ცივი ცილა უფრო კარგად ითქვიფება. ათქვეფის მომენტში თბება და დანარჩენი ინგრედიენტების ტემპერატურას უთანაბრდება.
საიდუმლო N 4 ჭურჭელი
თასი, რომელშიდაც ცილას თქვეფთ, არ უნდა იყოს ცხიმიანი. გამოყენებამდე აუცილებლად გაწმინდეთ ძმრით ან ლიმონის წვენით დატენიანებული ხელსახოცით.
საიდუმლო N 5 თანმიმდევრობის დაცვა
ფუმფულა ბისკვიტის მისაღებად აუცილებელია დაიცვათ ინგრედიენტების დამატების თანმიმდევრობა.
ინგრედიენტები დაამატეთ ქვემოთ მოცემული წესების მიხედვით:
- პირველ რიგში, კვერცხის გულები მოათავსეთ თასში, დაამატეთ შაქრის საჭირო რაოდენობის ნახევარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ გათეთრებამდე და მოცულობის გაზრდამდე. შეგიძლიათ ასათქვეფად გამოიყენოთ მიქსერი ან ხელის სათქვეფი.
- როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ცილა გამოყენებამდე უნდა შედოთ მაცივარში. ცილა ათქვიფეთ ფუმფულა მსუბუქი ქაფის წარმოქმნამდე. აგრძელებთ თქვეფას, ნელ-ნელა ამატებთ დარჩენილ შაქარს და თქვეფთ გასქელებამდე. გირჩევთ, დაამატოთ მწიკვი ლიმონმჟავა, ამ გზით შეძლებთ, კვერცხის სუნის აღმოფხვრას.
- შემდეგ ცილის მესამედი ფრთხილად შეურიეთ გულებიან მასას. ურევთ ხის ან სილიკონის კოვზით ქვემოდან ზემოთ.
- ბოლოს დაამატეთ თითო-თითო კოვზი გაცრილი ფქვილი. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ. შემდეგ შეურიეთ ცილის დარჩენილი მასა და ურევთ კვლავ მოცემული მიმართულებით, ქვემოდან ზემოთ. არ შეცვალოთ მიმართულება, თორემ ბისკვიტი დაკაგავს ჰაეროვნებას.
საიდუმლო N 6 ღუმელის ტემპერატურა
ცომი მომზადებისთანავე უნდა გამოაცხოთ, ამიტომ დროულად დაიჭირეთ თადარიგი. საცხობი ფორმა წინასწარ გაამზადეთ, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და, როდესაც ცომის მომზადებას მორჩებით ღუმელი უკვე ცხელი უნდა იყოს 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
შეგიძლიათ, ბისკვიტი ღუმელის გარეშეც, გაზქურაზე, მოამზადოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სასურველი ზომის ალუმინის ქვაბი. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი, ნაზად გადაიტანეთ ცომი და დაახურეთ სამზარეულოს ტილოში გახვეული თავსახური. დაბალ ცეცხლზე დადგით ჯერ გამანაწილებელი, შემდეგ_ქვაბი. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით საათი- საათ-ნახევარი. და ბოლოს, ღუმელი არ გამოაღოთ და ქვაბს ხუფი არ ახადოთ.
ალბათ, მოცემული რჩევები დამწყებ დიასახლისებს უფრო გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ ისინი, მოამზადეთ ჰაეროვანი ბისკვიტები, იფუსფუსეთ თქვენს სამზარეულოში და გააბედნიერეთ საყვარელი ადამიანები!