შემოგთავაზებთ საფუვრიანი ცომით მომზადებული ხვეულების რეცეპტს, რომელსაც საოცარ გემოს ჰმატებს მწვანე ხახვითა და კამით შეზავებული ყველისა და ნივრის არომატი.
უგემრიელესი ხვეულების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე (ნებისმიერი ცხიმიანობის) 130 მლ
- ფქვილი 300-350 გრ
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 1 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- საფუარი 5 გრ
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
- ყველი (მაგარი) 200 გრ
- მწვანე ხახვი ნახევარი კონა
- კამა ნახევარი კონა
- კარაქი 50 გრ
- ზემოდან გადასასმელად დაგჭირდებათ კვერცხის გული და ცოტა რძე.
ცომის მოსამზადების წესი:
- კარაქი გაადნეთ და ოდნავ გააგრილეთ.
- ღრმა თასში ჩაასხით თბილი რძე, დაამატეთ გამდნარი კარაქი, მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი.
- ინგრედიენტები კარგად აურიეთ ნიჩაბით და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
- ცომი უნდა იყოს ელასტიური და ხელებზე არ უნდა ეკრობოდეს.
- მზა ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ამზადებთ შიგთავსს:
- მწვანე ხახვი და კამა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
- ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად აურიეთ.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ თხელ ფენად და ფუნჯით გადაუსვით გამდნარი კარაქი (50 გრ).
- ცომს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, შემდეგ მოყარეთ ყველიანი მასა.
- ცომი გადაახვიეთ რულეტივით და კიდეები კარგად შეკარით.
- რულეტი დაჭერით 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყვეთ მზა ცომები ისე, რომ გაჭრილი მხარე ზემოდან მოექცეს.
- კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა რძე და კარგად ათქვიფეთ. ხვეულებს ფუნჯით გადაუსვით კვერცხისა და რძის ნარევი.
- გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
ყველითა და ნივრით შეზავებული არომატული ხვეულები სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანეთ. გაითვალისწინეთ, ცივიც ძალიან გემრიელია. მოამზადეთ ეს არომატული ხვეულები, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!