
ხაჭო ფერმენტირებული რძის ნაწარმია, რომლის ბაზაზე მინიმალური ინგრედიენტების დამატებით ფაფუკი და რბილი ცომის მომზადება შეგიძლიათ. ხაჭოს ცომით მომზადებული ფუნთუშები, ხვეულები, პეროგები და სხვადასხვა გემრიელობები გამორჩეულია დახვეწილი არომატითა და სინაზით.
ხაჭო შეგიძლიათ თქვენი ხელითაც მოამზადოთ. უმჯობესია, თუ მის მოსამზადებლად ნატურალურ რძეს გამოიყენებთ. რძე აადუღეთ, გააგრილეთ, შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე, გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაამტეთ ნატურალური მაწონი (1 ლ რძეზე/200 მლ) და მოურიეთ.
2-3 წუთის შემდეგ მასა აიჭრება, ურევთ კიდევ 2 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. საწურზე დააფინეთ ტილოს ქსოვილი ან მარლის რამდენიმე ფენა და მიღებული მასა გადაიტანეთ. შრატი დაიწურება და დარჩება ხაჭო. სასურველია, ხაჭო კარგად დაიწუროს. შრატი არ გადაღვაროთ, შეგიძლიათ პურის ცომისა და სხვდასხვა დესერეტების მოსამზადებლად გამოიოყენოთ. ხაჭოს მომზადება მაღაზიის რძითაც შეგიძლიათ.
იხილეთ ხაჭოს ბაზაზე მომზადებული რამდენიმე დესერტის რეცეპტი:
1. რულეტი ხაჭოს ცომით
მოცემული რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი რულეტები.
საჭირო ინგრედიენტები:
- 250 გრ ხაჭო
- 100 გრ შაქარი
- 280 გრ ფქვილი
- გამაფხვიერებელი ან სოდა ნახევარი ჩ. კ.
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 50 გრ
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ქოქოსის ფანტელი გემოვნებით
- შაქარი 6 ს. კ.
- დარიჩინი გემოვნებით
- ზეთი
მომზადების წესი:
კარაქი გაადნეთ, დაასხით ხაჭოს და აურიეთ. გაცრილ ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და დაამატეთ გამდნარი კარაქისა და ხაჭოს ნარევს. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ ხაჭოიან მასას და მოზილეთ ცომი. მზა ცომი 30 წუთით შედეთ მაცივარში.
ამზადებთ შიგთავსს:
- ქოქოსის ფანტელი ჩაყარეთ თასში, დაამატეთ 3 ს. კ. შაქარი და აურიეთ.
- მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ოთხკუთხა ფენის სახით, სილიკონის ფუნჯით წაუსვით ზეთი, დაიტანეთ შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენა რულეტივით გადაახვიეთ და დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად. ცომის მეორე ნაწილიც იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ, მაგრამ შიგთავსად გამოიყენეთ 3 ს. კ. შაქრისა და დარიჩინის ფხვნილის ნარევი.
- მომზადებული პატარ-პატარა რულეტები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. ხვეულებს შორის დაიცავით მანძილი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი. შეგიძლიათ გაგრილების შემდეგ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.
ხაჭოს ცომი ვაშლის პეროგისთვის
ჰაეროვანი და არომატული ვაშლის პეროგი ძალიან გემრიელია. ჩაისთან ერთად კი საოცრებაა.
პეროგის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 250 გრ ხაჭო
- 6 ს. კ. ზეთი
- 1,5-2 ჩ. ჭ, ფქვილი
- 2 ცალი კვერცხი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა
- 4 ს. კ. შაქარი
- ვანილი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 2 ცალი ვაშლი
- 2 ს. კ. შაქარი
- ცოტა მჟავე კენკრა (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული მოცვი, მოცხარი) ან უკურკო ალუბალი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ დაბლენდერებული ხაჭო, ზეთი, გაცრილი ფქვილი, სოდა, ვანილი და მოზილეთ ცომი. ცომის მცირე ნაწილი შეინახეთ პეროგის მოსართავად.
- ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და კიდეები ამოიტანეთ ფორმის კედლებზე.
- შიგთავსისთვის ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად, თანაბრად გაანაწილეთ ცომზე და ზემოდან მოაყარეთ შაქარი, შემდეგ ლამზად მოაწყვეთ გაყინული კენკრა და კვლავ მოაფრქვიეთ შაქარი. ცომის მორჩენილი ნაწილი გააბრტყელეთ, დაჭერით წვრილ ზოლებად და პეროგი გააფორმეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. ვაშლის, კენკრისა და ხაჭოს არომატებით გაჯერებული პეროგი უგემრიელესია.
ხაჭოს ფუმფულა და საოცრად გემრიელი ფუნთუშები
საჭირო ინგრედიენტები:
- 400 გრ ხაჭო
- 200 გრ მარგანინი
- ნახევარი ჩ. კ. სოდა/ძმრით
- 3,5 ჩ. ჭ. ფქვილი
- შაქარი
- მარილი, ვანილი
მომზადების წესი:
ხაჭო დააბლენდერეთ, დაამატეთ გამდნარი მარგანინი და კარგად აურიეთ. ნარევი შეაზავეთ მარილით, ვანილით, ძმრიანი სოდთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი. ცომი ცოტა ხელებზე უნდა გეკრობოდეთ. მიღებული მასა გაყავით ორ გუნდად, ხოლო თითოეული_10 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 5 მმ სისქის რგოლებად.
შუაგულში დაყარეთ თითო-თითო კოვზი შაქარისა და ვანილის ნარევი. შემდეგ ცომს გადაკეცავთ შუაზე. მიღებულ ნახევარწრეს კვლავ გადავკეცავთ შუაზე და მიიღებთ შაქრის გულსართიან სამკუთხედებს. გადაიტანეთ ისინი საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტი გაქვთ დაფენილი. ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით ზეთი და მოაფრქვიეთ დარიჩინი ან მაკი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი. ოქროსფრად დაბრაწულ ფუნთუშები საოცრად გემრიელია.
ხაჭოს რბილი და ფაფუკი ცომის ბაზაზე უამრავი დესერტის მომზადება შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!