ფუმფულა და ნაზი ფუნთუშების მარტივი რეცეპტი. ის, რაზეც ჩემი შვილები გიჟდებიან

874

შემოგთავაზებთ ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტს. თბილ-თბილი, საოცარი სურნელისა და გემოს მქონე ფუნთუშები ვის არ აცდუნებს. მოამზადეთ ისინი და გაახარეთ თქვენი პატარები!

უგემრიელესი ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • საფუარი 10 გრ
  • რძე (წყალი) 210 მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 30 გრ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი მწიკვი
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 80 გრ

დამატებით დაგჭირდებათ:

  • კარაქი
  • შაქარი

მოცემული ინგრედიენტებით 8 ფუნთუშის მომზადებას შეძლებთ.

მომზადების წესი:

  1. რძეს დაამატეთ თაფლი, შაქარი, ვანილი, კვერცხი და ათქვიფეთ. ფქვილი და საფუარი ცალკე აურიეთ, შემდეგ დაამატეთ რძიანი მასა და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაამატეთ დარბილებული კარაქი და დანარჩენ მასას კარგად შეაზილეთ.
  2. მზა ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ თასში, გადააკარით საკვების ცელოფანი და 1 საათით დააყოვნეთ სითბოში.
  3. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ცხიმწასმულ მაგიდაზე, კიდევ ჩაზილეთ ცომი და გაყავით რვა თანაბარ ნაწილად.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და რულეტივით გადაახვიეთ, კიდეები მჭიდროდ შეკარით. შემდეგ თავი და ბოლო შეკარით და მზა ცომი ნაწიბურიანი მხრით დაიტანეთ საცხობ ფორმაზე. გადააკარით საკვების ცელოფანი და კიდევ 20-30 წუთით დააყოვნეთ ცომი.
  5. აფუებული ფუნთუშები შუაში, სიგრძეზე,  მაკრატლით ჩაჭერით. ჩანაჭრელებში ჩადეთ ცოტა-ცოტა კარაქი და დააყარეთ  ნახევარ-ნახევარი ჩ. კ. შაქარი. შაქარი კარაქთან ერთად გადნება და ფუნთუშების ქერქი ოქროსფრად დაბრაწული და ხრაშუნა გამოვა. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.

მოამზადეთ უგემრიელესი ფუნთუშები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები!