
გემრიელი, ჰაეროვანი და ოქროსფრად დაბრაწული კექსები პატარების საყვარელი დესერტია. ფუმფულა კექსები შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან სწრაფად და მარტივდ.
მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შეძლებთ 12 კექსის მომზადებას:
- 200 გრ ფქვილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 4 ცალი კვერცხი
- 80 გრ კარაქი
- 60 მლ რძე
- 80 მლ ზეთი
- 150 გრ შაქარი
- მწიკვი მარილი
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კარაქი გაადნეთ. კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი, ლიმონის ცედრა. თუ თქვენ ლიმონის გემო არ მოგწონთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. ვანილის შაქარი.
- თქვეფას აგრძელებთ და თანდათან ამატებთ გამდნარ კარქსა და რძეს. ბოლოს დაამატეთ ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევს. მიიღებთ თხელ ერთგვაროვან მასას.
- თასს დაახურეთ ხუფი ან გადააკარით საკვების ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
- კექსების საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდის ფორმები (შეგიძლიათ მათ გარეშეც გამოაცხოთ, მხოლოდ საცხობ ფორმას აუცილებლად წაუსვით ზეთი).
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და ფორმებში თანაბრად გაანაწილეთ ისე, რომ დაფაროთ ფორმების 2/3, რადგან კექსები გამოცხობის დროს იმატებს. კექსებს ზემოდან მოაყარეთ მწიკვი შაქარი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10 წუთი.
თუ სურვილი გაქვთ, გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!