შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ნაზი, ფხვიერი და არომატული ღვეზელის ,,ხუჭუჭას“რეცეპტს. დესერტი საოცრად გემრიელია ცოცხალი ან გაყინული ალუბლით ან მარწყვით, ჟოლოთი. შეუდარებელია შინდის ჯემით. შეგიძლიათ ეს გემრიელობა მოამზადოთ მურაბითაც.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- მარგანინი ან კარაქი 200 გრ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ვანილი მწიკვი
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- ალუბალი ან ჟოლო, ან მარწყვი 250-300 გრ
მომზადების წესი:
- მარგანინი ან კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და გააგრილეთ. თასში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით გამდნარი კარაქი, დაამატეთ ვანილი, ათქვეფილი კვერცხი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
- ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიან მასას. მოზილეთ მაგარი ცომი და გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. ცომის მცირე ნაწილს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედეთ საყინულეში.
- ცომის დიდი ნაწილი გაბრტყელეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან მოაწყვეთ თქვენთვის სასურველი ხილი, შეგიძლიათ მურაბაც გამოიყენოთ. შემდეგ ხილი დაფარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი გაყინული ცომი.
ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20-25 წუთი. გემრიელად მიირთვით!