
ამჯერად, მექსიკურ სამზარეულოს გადავხედოთ და მოვამზადოთ მექსიკური უსაფუვრო პური, ,,ტორტილა“.
თუ გსურთ, გაახაროთ საყვარელი ადამიანები განსხვავებული კერძით, ტორტილა საუკეთესო არჩევანია.
ბრტყელი უსაფუვრო პურებით შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა მექსიკური კერძები. მაგალითად, უგემრიელესი ცხარე კერძი ,,ბურიტო“. ტორტილა დაფარეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი და გემრიელად შეზავებული შიგთავსით, გადაახვიეთ რულეტივით და მიიღებთ უგემრიელეს ბურიტოს. შეგიძლიათ მომზადებული ბურიტო პირდაპირ მიირთვათ ან გამოაცხოთ ღუმელში, ან შეწვათ ტაფაზე.
შემოგთავაზებთ ტორტილას ორ საუკეთესო რეცეპტს.
მექსიკური უსაფუვრო პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხელი წყალი ჩაის ჭიქამდე
- კარაქი 50 გრ
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, დარბილებული კარაქი და ხელით აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ცხელი წყალი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომი დაასვენეთ 15 წუთი.
- შემდეგ გაყავით 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი გაჭერით შუაზე და გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფენებად.
- მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ტაფა. ტაფა გააცხელეთ და პურები შეწვით ორივე მხრიდან, დასჭირდება, დაახლოებით, თითო-თითო წუთი.
შემოგთავაზებთ მექსიკური ტორტილების რეცეპტს შეფ-მზარეულისგან.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სიმინდის ან ხორბლის ფქვილი 300 გრ
- მარგანინი 50 გრ
- თბილი წყალი 150 მლ
- მარილი
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს ჩაახეხეთ ცივი მარგარინი, დაამატეთ მარილი, თანდათან დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომი გააბრტყელეთ 8 თანაბარ ნაწილად. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15-20 წუთი.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 10-12 სმ დიამეტრის მრგვალ ფენად.
- ტორტილები ზეთის გარეშე შეწვით კარგად გაცხელებულ ტაფაზე. პურები შეწვით ორივე გვერდიდან თითო-თითო წუთი.
გემრიელად მიირთვით!