არომატული, რბილი და ფაფუკი რულეტების 5 რჩეული რეცეპტი

0
550

ყველასთვის საყვარელი დესერტი არის რულეტი, რომლის მომზადება შეგიძლიათ სხვადასხვა ჯემით ან თქვენთვის საყვარელი კრემისა და ხილის კომბინაციით.

შემოგთავაზებთ ჰაეროვანი და ფუმფულა ბისკვიტების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ უგემრიელესი  რულეტის მომზადებას.

რეცეპტი N1

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • იოგურტი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • ჯემი შიგთავსისთვის

მომზადების წესი:

  1. ღუმელი ჩართეთ და გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
  2. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, დაამატეთ იოგურტი და სოდა.
  3. თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ფორმა შედეთ გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 8-10 წუთი.
  6. მზა ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და ზედაპირით დადეთ ტენიან ტილოზე. ბისკვიტის მცირე ნაწილზე გადმოკეცეთ ტილო და რულეტივით გადაახვიეთ. ცოტა ხნის შემდეგ გახსენით, ბისკვიტი დაფარეთ ჯემით, საუცხოოა გახეხილის შინდის ჯემით, და რულეტივით გადაახვიეთ. დესერტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

რეცეპტი N2

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 5-7 წუთი.
  4. ბისკვიტი გადაახვიეთ ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.
  5. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კრემი ან ჯემი. თუ კრემს გამოიყენებთ, რულეტი დაფარეთ გამდნარი შოკოლადით ან მინანქრით.

რეცეპტი N3 – რულეტი ვაშლისა და ნიგვზის შიგთავსით  

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 4 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ვაშლი 4 ცალი
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ვანილი
  • ნიგოზი 100 გრ.

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ შაქარი, ვანილი. ნიგოზი დაყარეთ პერგამენტის ქაღალდზე, გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი და შეურიეთ ვაშლს. მომზადებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
  2. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და მიქსერით ათქვიფეთ.
  3. კვერცხი გულებს დაამატეთ შაქარი და 1-2 წუთი ათქვიფეთ, თანდათან შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ნაზად შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
  4. მომზადებული ცომი დაიტანეთ ვაშლიან მასაზე და თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტეპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  6. საცხობი ფორმა ფრთხილად ამოაბრუნეთ და მზა ბისკვიტი მშრალ ტილოზე გადმოიტანეთ, შიგთავსით ზემოდან, სწრაფად მოაშორეთ ქაღალდი, ტილოს დახმარებით რულეტივით გადაახვიეთ. ტილოში გადახვეული რულეტი ცოტა ხნით ასე გააჩერეთ და გააგრილეთ.

ნიგვზისა და ვაშლის არომატით გაჯერებული რულეტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან მინანქრით და გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად.

რეცეპტი N4

ინგრედიენტები:

  • შაქარი 5 ს. კ.
  • ფქვილი 5 ს. კ.
  • რძის ფხვნილი 5 ს. კ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • სოდა/ძმრით 1/3 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და შედეთ ღუმელში. ფორმა უნდა იყოს ცხელი.
  2. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი, რძის ფხვნილი, მარილი და სოდა/ძმრით. მზა ცომი საცხობ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ და შედეთ ცხელ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 5 წუთი.
  3. ცხელ ბისკვიტს წაუსვით სასურველი ჯემი და ცხელივე გადაახვიეთ.
  4. რულეტი გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

რეცეპტი N5

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 60 გრ
  • შაქარი 60 გრ
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ჯემი თქვენთვის სასურველი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. შაქარი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ზეთი ან კარაქი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 5-6 წუთი
  3. სანამ ბისკვიტი ცხვება, ჯემი გადაიტანეთ ქვაბში და ოდნავ შეათბეთ.
  4. ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან, მოხსენით ქაღალდი და წაუსვით თბილი ჯემი და ცხელივე გადაახვიეთ.
  5. გაგრილების შემდეგ დაფარეთ შაქრის ფხვნილით.