შემოგთავაზებთ შოკოლადის კრემით მომზადებული ზომიერად ტკბილი, უგემრიელესი, ნაზი, განსხვავებული და დელიკატური დესერტის რეცეპტს.
შოკოლადის საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 250 მლ
- ნაღები 20%-იანი 200 მლ
- შავი შოკოლადი 100 გრ
- კაკაო 15 გრ
- შესქელებული რძე 50 გრ
- შაქარი 30 გრ
- ჟელატინი 10 გრ
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- შავი შოკოლადი დატეხეთ წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, ნაღები, შესქელებული რძე, შაქარი და აურიეთ.
- ცალკე თასში მოათავსეთ კაკაოს ფხვნილი, დაასხით 3 ს. კ. ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- კაკაოს მასა ნაწილ-ნაწილ შეურიეთ რძიან ნარევს. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ.
- ადუღების შემდეგ დაამატეთ დატეხილი ან გახეხილი შოკოლადი და ურევთ შოკოლადის გადნობამდე. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან.
- აფუებული ჟელატინი ცოტა ხნით დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე (არ აადუღოთ).
- ჟელატინი თანდათან დაამატეთ შოკოლადის ცხელ ნარევს და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაგჭირდებათ მართკუთხედი ფორმა (10 სმ/20 სმ). ფორმაში ჩააფინეთ საკვების ცელოფანი და შოკოლადის თბილი კრემი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან გადააფარეთ ცელოფანი, გააგრილეთ და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
- დესერტი გადმოიტანეთ შესაბამისი ფორმის ლანგარზე, მოხსენით ცელოფანი და დაფარეთ კაკაოთი ან გახეხილი შოკოლადით.
მოამზადეთ შოკოლადის კრემის უგემრიელესი, ამავე დროს, ცივი დესერტი და გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი დღეები!
გემრიელად მიირთვით!