შემოგთავაზებთ ფუმფულა, ჰაეროვანი, საოცრად არომატული სანელებლებით შეზავებული ფუნთუშების რეცეპტს ინგლისური სამზარეულოდან.
ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე (თბილი) 100 მლ
- კეფირი (თბილი) 100 მლ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 4 ს. კ.
- ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- კარაქი 40 გრ
- ზეთი 1 ს. კ.
- საფუარი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 2,5-3 ჩ. ჭ.
- ქიშმიში ნახევარი ჩ. ჭ.
- სანელებლები: დარიჩინი, ილი, ჯავზი (თქვენი გემოვნებით)
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს შეურიეთ საფუარი და გააჩერეთ. დაელოდეთ აფუებას.
- ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ქიშმიში გააშრეთ ხელსახოცით, დააყერეთ ცოტა ფქვილი და აურიეთ.
- კარაქი გაადნეთ, დაამატეთ შაქარი, მარილი, ვანილის შაქარი, ზეთი, კვერცხი და ათქვიფეთ.
- საფუვრიან რძეს დაამატეთ თბილი კეფირი, ცოტა გაცრილი ფქვილი და აურიეთ.
- საფუვრიანი და კვერცხიანი მასები გააერთიანეთ. შემდეგ დაამატეთ სანელებლები, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომს ზელთ ხელით. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში.
- მიიღებთ რბილ ცომს. გამოხელეთ გუნდა, წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 საათი.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ამოსული ცომი გაყავით 10-11 ნაწილად. გამოხელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის ფუნთუშები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ფორმას გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15 წუთი.
- ფუნთუშებს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და ზემოდან მოაყარეთ შაქარი ან ყაყაჩოს თესლი.
- ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც ფუნთუშები ოქროსფრად დაიბრაწება მზად არის.
მოამზადეთ არომატული, ფუმფულა ფუნთუშები და გემრიელად მიირთვით!