უნიტაზის საწმენდი საშუალებების უმეტესობა მიეკუთვნება სახლის მოვლის ყველაზე საშიშ პროდუქტებს, რადგან ისინი შეიცავს ქლორს. ქლორი იწვევს თვალებისა და ფილტვების გაღიზიანებას. კომერციულ საწმენდ საშუალებებში შემავალმა სახიფათო ინგრედიენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, საშინელი თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ჩვენი ჰორმონალური სისტემის დარღვევაც კი. ყველა ეს საშუალება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
რა შეგვიძლია გამოვიყენოთ მათ ნაცვლად?
შემოგთავაზებთ უნიტაზის საწმენდი საშუალების პოპულარულ რეცეპტს. ხელნაკეთი კაფსულები უბრალოდ ჯადოსნურია, არავითარი ქიმია და მაქსიმალური შედეგი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა ნახევარი ფინჯანი
- ლიმონმჟავა ნახევარი ფინჯანი
- სიმინდის სახამებელი ნახევარი ფინჯანი
- წყალი სპრეი ბოთლით
- ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთი 25 წვეთი
- პოლიეთილენის გამჭირვალე საშუალო ზომის ტომარა ელვა-შესაკრავით
- ფორმა თქვენთვის სასურველი (შეგიძლიათ ყინულის კუბიკის ფორმა გამოიყენოთ)
მომზადების წესი:
- სოდა, ლიმონმჟავა და სიმინდის სახამებელი ჩაყარეთ პოლიეთილენის ტომარაში, დაკეტეთ და კარგად შეანჯღრიეთ.
- გახსენით ელვა და ჩაასხით 2-3 შესხურება წყალი.
- დახურეთ ტომარა და კვლავ შეანჯღრიეთ.
- ეს ნაბიჯი გაიმეორეთ 5-7-ჯერ. თუ ტომარა გაიბერა, გამოუშვით ჰაერი.
- როდესაც ნარევი გახდება ცომის მსგავსი, შეამოწმეთ არის თუ არა მასა წებოვანი და თუ შეიძლება მისგან ფიგურის გამოძერწვა.
- დაამატეთ ეთერზეთები და კვლავ აურიეთ.
- მომზადებული მასა გაანაწილეთ ყინულის ფორმაში.
- ფორმა დადეთ გასაშრობად და კაფსულები ამოიღეთ 2 დღის შემდეგ.
- ხელნაკეთი კაფსულები შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში.
ჩააგდეთ 1 კაფსულა უნიტაზში. კაფსულა დაიწყებს აქაფებას. დაელოდეთ რეაქციის დასრულებას და შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით.
მოამზადეთ ხელნაკეთი კაფსულები და იზრუნეთ როგორც სახლის სისუფთავეზე, ისე თქვენს ჯანმრთელობაზე!