ვანილის ფუმფულა, ნაზი და არომატული ფუნთუშები აუცილებლად შეგიყვარდებათ. ისეთი ნაზი და ფაფუკია, პირში დნენბა

ტკბილი, ფუმფულა, ნაზი და გემრიელი ფუნთუშები პატარების საყვარელი დესერტია.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად მოამზადებთ ფუნთუშებს. გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და ბევრად მეტი გამოაცხოთ. შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია გამოიყენოთ და ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით მოამზადოთ. შიგთავსად გამოიყენეთ ხილფაფა ან შოკოლადი, ან მოხარშული შესქელებული რძე.

ფუმფულა ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 600 გრ
  • რძე 250 მლ
  • საფუარი 8 გრ
  • 5 კვერცხის გული
  • კარაქი 100 გრ
  • ვანილინი 10 გრ
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • შაქრის ფხვნილი
  • ნაღები 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 2 ს. კ. შაქარი, 2 ს. კ. ფქვილი და კარგად აურიეთ.
  2. საფუვრიანი მასა 15 წუთით გააჩერეთ სითბოში.
  3. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, 4 ცალი კვერცხის გული, დარბილებული კარაქი, ვანილინი და აურიეთ.
  4. თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ თასში, გადააფარეთ  ტილო და 30 წუთით გააჩერეთ სითბოში.
  5. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით, დაახლოებით, 15 თანაბარ ნაწილად.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ ფუნთუშები. აუცილებლად დაიცავით მანძილი, რადგან ფუნთუშები ზომაში მოიმატებს.
  7. კვერცხის გულს დაამატეთ ნაღები, ათქვიფეთ და ფუნთუშებს წაუსვით სილიკონის ფუნჯით.
  8. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით!