შვრიის ორცხობილები ფორთოხლით. რამდენიმე წუთში ამ გემრიელობის მთელი გორა გექნებათ

495

შვრიის ორცხობილები უგემრიელესი, სასარგებლო და ჯანსაღი დესერტია. ფორთოხალი ორცხობილებს განსაკუთრებულ არომატს ჰმატებს. ფორთოხალის ცედრა და წვენი შეგიძლიათ სეზონურად ჩაანაცვლოთ გახეხილი ატმით და ატმის წვენით. ძალიან გემრიელია ნესვისა და ატმის კომბინაციით.

გემრიელი ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები და მცირე ძალისხმევა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 50 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • ფორთოხლის წვენი 2 ს. კ.
  • ფორთოხალი 1 ცალი (ან 2 საშუალო ზომის ატამი)
  • გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. პატარა ქვაბში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დაამატეთ შაქარი და აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ და შეურიეთ თაფლი, ფქვილი, ფორთოხლის წვენი. ბოლოს დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, შვრიის ფანტელი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და პატარ-პატარა ცომები ფორმაზე სუფრის კოვზის საშუალებით დასვით.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.

ორცხობილები გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!