შემოგთავაზებთ უგემრიელესი და საოცრად არომატული ცხელი კერძის რეცეპტს. სოკოსა და ყველის არომატული შიგთავსით დატვირთული ღორის ხორცის რულეტები სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.
მართალია, კერძი მარტივი მოსამზადებელი არ არის და ინგრედიენტებიც საკმაოდ მრავალფეროვნი სჭირდება, მაგრამ ღირს ცდად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ღორის ხორცი (უძვლო) 700 გრ
- სოკო 500 გრ
- ხახვი 2 თავი
- კვერცხი 2 ცალი
- ხმელი ყველი 150 გრ
- ნაღები 1 ჩ. ჭ.
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ხახვი დაჭერით მეოთხედ რგოლებად. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დროდადრო მოურიეთ ხოლმე.
- სოკო გაასუფთავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ ოქროსფრად დაბრაწულ ხახვს, დაახურეთ ხუფი. დროდადრო მორევა არ დაგავიწყდეთ. ამზადებთ 10-15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით პატარა კუბიკებად და ნაზად შეურიეთ მომზადებულ შიგთავსს.
- შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი.
- შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით და შიგთავსი მზად არის.
- ღორის ხორცი დაჭერით 1 სმ სისქის მართკუთხედის ფორმის საშუალო ზომის ნაჭრებად. შემდეგ თითოეული ნაჭერი დაბეგვეთ. უნდა მიიღოთ თხელი ფენა. ხორცის ფირფიტა უნდა იყოს იმ ზომის, რომ შიგთავსის გადახვევა შეძლოთ.
- თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ ცოტა-ცოტა მარილი.
- ერთ ბოლოში დადეთ შიგთავსის 2 ს. კ., გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე (კიდეებამდე მასა არ მიიტანოთ), რულეტივით გადაახვიეთ და დაამაგრეთ კბილის ჩხირით.
- ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მომზადებული რულეტები შეწვით საშუალო ცეცხლზე.
- შეწვა დაიწყეთ გახსნილი მხრიდან. როდესაც ეს მხარე შეიწვება, ამოაძვრეთ ჩხირი.
- მზა რულეტები გადაიტანეთ შესაბამისი ზომის საცხობ ფორმაზე, მოასხით 1,5 ჩ. ჭ. წაყლი და ნაღები. ზემოდან მოაფრქვიეთ მარილი და შავი პილპილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30 წუთი.
- უგემრიელესი ცხელი კერძი შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენთვის სასურველ გარნირთან ერთად.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!