ასაკობრივი ლაქები დროთა განმავლობაში შემცირდება და საერთოდ გაქრება, თუ უმარტივეს რჩევებს გაითვალისწინებთ

დროთა განმავლობაში კანი იცვლის ტონს და შეიძლება სახის კანზე, ხელებზე, მკერდზე გაჩნდეს ყავისფერი ლაქები. უამრავი შინაური საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით შეძლებთ უსიამოვნო ლაქებისგან გათავისუფლებას.

თუ გსურთ, შეამციროთ კანზე ლაქების გაჩენა, რეკომენდებულია, 30-35 წლის შემდეგ შეცვალოთ გარკვეული ჩვევები:

  • მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. ძალიან მნიშვნელოვანია კანის დაცვა და მზის დამწვრობის პრევენცია.
  • მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, მათ ბაზაზე მომზადებული ნატურალური წვენები, ახალი მწავნილით გაჯერებული სალათები.

და თუ თქვენ უკვე გაგიჩნდათ მუქი ლაქები კანზე, არ ინერვიულოთ. მათ გაღიავებას და კანის ტონის გათანაბრებას  შეძლებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული საშუალებების დახმარებით.

შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს, რომელთა წყალობით შეძლებთ პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლების გაღიავებას, სახის კანის ტონის გათანაბრებას.

1. მუხუდოს ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მუხუდო 1 ს. კ.
  • ჰიმალაის ან ზღვის მარილი მწიკვი
  • ცოტა წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. როდესაც მოცემული ნიღაბის გამოყენებას გადაწყვეტთ,  მუხუდოს დილით დაასხით წყალი და 7-8 საათი ჩაალბეთ. ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს.
  2. ჩამბალი მუხუდო გარეცხეთ, დაამატეთ ცოტა წყალი და ჰიმალაის მარილი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებდე. უნდა მიიღოთ კრემისებური მასა. თუ თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ ცოტა ნებისმიერი ფქვილი.
  3. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, თანაბრად გაინაწილეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.
  4. ნარჩენები არ ჩამოიბანოთ, მოიშორეთ მშრალი ხელსახოცით ან რბილი პირსახოცით და შემდეგ თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.
  5. მოცემული ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ,  ლაქების გაქრობამდე, ხოლო შემდეგ_კვირაში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით.

2. ლიმონის წვენი

  • ლიმონის მჟავა ღრმად აღწევს კანის ფენებში და აშორებს ლაქებს. დაიმახსოვრეთ, ლიმონი უნდა გამოიყენოთ საღამოს, ძილის წინ.
  • ლიმონი საოცრად ეფექტურია პირველი ლაქების გაჩენისას.
  • ლიმონის წვენი ბამბის ტამპონით შეიზილეთ პრობლემურ  კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი. ნარჩენები  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ლიმონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხახვით. ხახვის ნაჭერი  შეიზილეთ დალაქავებულ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-7 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ცოტა ქოქოსის ზეთისა და 1 წვეთი ფორთოხლის ან სალბის ეთერზეთის ნაზავი.

3. ძირტკბილას ფესვი

ძირტკბილას ფესვი კანის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა. აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ატენიანებს კანს და შეგიძლიათ გამოიყენოთ როზაცეას (კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ვარდისფერი აკნე) სამკურნალოდ.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძირტკბილას ფესვი 1 ს. კ.
  • წყალი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი აადუღეთ, დაასხით ძირტკბილას ფესვს და 10 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.
  2. მომზადებული ნახარში ბამბის ტამპონით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ პრობლემურ კანზე. პროცედურები ჩაიტარეთ დილა-საღამოს.
  3. ძირტკბილას ფესვის საფუძველზე შეგიძლიათ მოამზადოთ საოცრად ეფექტური ნიღაბი.
  4. პირველ რიგში, ძირტკბილას გამომშრალი ფესვი დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილი გადაიტანეთ მინის ქილაში.
  5. ნიღაბის მოსამზადებლად ძირტკბილას 1 ჩ. კ. ფხვნილს დაამატეთ ცოტა რძე ან კეფირი, ან იოგურტი და აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  6. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

4. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი საოცრად ეფექტური საშუალებაა და ლიმონის წვენის ანალოგია.

რამდენიმე წვეთი ვაშლის ძმარი დაამატეთ თქვენი კრემის მცირე მასას, აურიეთ და ყოველ საღამოს, ძილის წინ, წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.  ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დაიმახსოვრეთ, აუცილებელია, თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალება გამოიყენოთ  რეგულარულად!