
არსებობს მოსაზრება, რომ კარამელის მომზადება მხოლოდ პროფესიონალ მზარეულებს შეუძლიათ. გადავწყვიტეთ ამ მითის გაქარწყლება. შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტებს, რომელთა საშუალებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეძლებთ წარმოუდგენლად გემრიელი და ბლანტი კარამელის მომზადებას.
მარილიანი კარამელი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 300 გრ
- კარაქი 100 გრ
- რძე 2,5%-იანი ცხიმიანობის 150 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შაქარი ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე.
- როდესაც შაქარი სრულად გადნება, დაამატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.
- რძე გააცხელეთ და ნელ-ნელა შეურიეთ კარამელს.
- ადუღეთ 5 წუთი.
- დაამატეთ მარილი და უგემრიელესი კარამელი მზად არის.
ფინიკის კარამელი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის რძე 1 ჭიქა
- ფინიკი 200 გრ
- ვანილი მწიკვი
- მარილი მესამედი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ უკურკო ფინიკი. ფინიკი გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 2 წუთი, გადაწურეთ და ფინიკი კანისგან გაასუფთავეთ.
- ქოქოსის რძეს დაამატეთ გასუფთავებული ფინიკი, მარილი, ვანილი და დააბლენდერეთ.
- მომზადებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ ჭურჭელში და 1-2 საათით შედეთ მაცივარში.
ქარვისფერი კარამელი
გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 120 გრ
- რძე 120 მლ
- წყალი 30 მლ
- სახამებელი 1 ჩ. კ.
- კარაქი 30 გრ
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი.
- დაამატეთ სახამებელი, წყალი და მოურიეთ.
- ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. მასა უნდა გახდეს ქარვისფერი.
- ცხელი რძე ნაწილ-ნაწილ დაასხით ქარვისფერ სიროფს და კარგად მოურიეთ.
- ადუღეთ 3-4 წუთი.
- გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ კარაქი.
- ქარვისფერი კარამელი გააგრილეთ და გადაიტანეთ ქილაში.
ნაღების კარამელი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 200 გრ
- ნაღები 33%-იანი 200 გრ
- კარაქი 50 გრ
მომზადების წესი:
- ნაღები აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. შაქრის მორევა არ გჭირდებათ, უბრალოდ შეანჯღრიეთ ქვაბი.
- როდესაც შაქარი გახდება ქარვისფერი, თანდათან დაამატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ კარაქი და კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.
- მზა კარამელი გადაიტანეთ ქილაში.
შემოთავაზებული რეცეპტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, ხელმისაწვდომი და მოამზადეთ. დამიჯერეთ, ასეთი ხელნაკეთი დელიკატესის გემოს ვერაფერი შეედრება.
კარამელი შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტების მოსამზადებლად და ყველა გააოცოთ თქვენი კულინარიული შედევრებით!