შემოგთავაზებთ რამდენიმე უმარტივეს მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ სამზარეულოსა და სააბაზანოს ფილების გაწმენდას.
სარეცხი საპონი
სარეცხი საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ კაფელისა და მეტლახის გასაწმენდად. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი დაასველეთ, წაუსვით 72%-იანი სარეცხი საპონი და რბილი მხრით გაწმინდეთ ფილები. სარეცხი საპნის ნარჩენი აიღეთ ნოტიო ტილოთი და ბოლოს გააპრიალეთ ამიაკის ხსნარით (ხსნარის მომზადების წესს ქვემოთ შემოგთავაზებთ) გაჯერებული ჩვრით. ამიაკის ხსნარი გამოიყენეთ პრიალა ზედაპირის გასაწმენდად.
ძმარი
ძმარი ჩაასხით სპრეი ბოთლში, მიასხურეთ ფილებზე და გაწმინდეთ ღრუბლის რბილი მხრით. აშორებს ნადებს, ჟანგს. ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილების ყოველდღიური მოვლისთვის.
სოდა
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით და საკვები სოდით ფილებიდან ამოიღებთ ცხიმს, ჟანგს (ძველი და ჩამჯდარი ჟანგის ამოსაღებად არ გამოგადგებათ), ობს და წყლის წვეთების ლაქებს. სოდას დაამატეთ ცოტა წყალი და აურიეთ, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა დაიტანეთ ღრუბელზე და გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დაკაწროთ ზედაპირი. გააჩერეთ 20 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ ნოტიო ტილოთი.
მქრქალი და მუქი ფილების გასაწმენდად გამოიყენეთ კალცინირებული სოდა ან სარეცხი საპონი.
ლიმონმჟავა
ფილების გასაწმენდად ლიმონმჟავა საუკეთესო საშუალებაა. ბიუჯეტური პროდუქტის წყალობით ეფექტურად მოაშორებთ ქლორის ლაქებსაც კი. გარდა ამის, აქვს მათეთრებელი ეფექტი. ლიმონმჟავა უსაფრთხოა და ხელმისაწვდომი რეგულარული გამოყენებისთვის.
ლიმონმჟავა გახსენით მცირე რაოდენობით წყალში და ღრუბლის რბილი მხრით გაწმინდეთ ფილები. მოერიდეთ, რომ პრიალა ზედაპირი არ დაკაწროთ. შეგიძლიათ ლიმონმჟავა ჩაანაცვლოთ ლიმონის წვენით.
ობის საწინააღმდეგო საშუალება
დამეთანხმებით, რომ ობი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან საკმაოდ რთული მოსაშორებელია. ობის საწინააღმდეგო ხსნარი შეგიძლიათ თქვენი ხელით მოამზადოთ.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა (რაოდენობა დამოკიდებულია დაობებული ადგილის სიდიდეზე)
- წყალი (რაოდენობა განსაზღვრეთ სოდის ოდენობის მიხედვით)
- ძმარი 1 ჭიქა
- ლიმონის ეთერზეთი 20 წვეთი
- ჩაის ხის ეთერზეთი 20 წვეთი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. ღრუბელი გააჯერეთ მომზადებული ნარევით და გაწმინდეთ დაბინძურებულ ადგილი. გააჩერეთ 5-10 წუთი.
- დაგჭირდებათ სპრეი ბოთლი. ძმარი ჩაასხით სპრეი ბოთლში, დაამატეთ ეთერზეთები და შეანჯღრიეთ.
- მომზადებული ნარევი მიასხურეთ სოდით გაწმენდილ ადგილებს და გააჩერეთ 20 წუთი.
- აუცილებლად ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და დაბინძურებული ადგილები ჯაგრისით გაწმინდეთ.
- კიდევ ერთხელ მიასხურეთ მომზადებული ნარევი და სამოქმედოდ დატოვეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
ამიაკი პრიალა ზედაპირისთვის
ამიაკის სპირტი რომ მინებს აპრიალებს ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფილების გასაპრიალებლად საუკეთესო საშუალებაა. 1 ლ წყალში გახსენით 2 ს. კ. ამიაკის სპირტი. მომზადებული ხსნარით გამოიყენეთ ბოლოს, უკვე გაწმენდილი კაფელ-მეტლახის გასაპრიალებლად.
როგორც ხედავთ, აბაზანისა და სამზარეულოს ფილების გასაწმენდად და სასურველი შედეგის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარტივესი ბიუჯეტური საშუალებები.