ბისკვიტი ყოველთვის მაღალი, მოცულობითი და ფუმფულა რომ გამოგივიდეთ, დაიცავით მარტივი წესები

689

პატარა დიასახლისებო, თუ გსურთ, გაიღრმავოთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტების გამოცხობას.

ბისკვიტი კვერცხით, შაქრითა და ფქვილით დამზადებული საკონდიტრო ცომია. ერთი შეხედვით, რთული არაფერია, მაგრამ მაინც არსებობს პატარ-პატარა საიდუმლოებები, რომელთაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

ბისკვიტის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. მაგალითად: ბისკვიტი ცხელი წყლით ან მინერალური წყლით,  ან ლიმონათით. ზოგიერთი დიასახლისი ბისკვიტის ცომს მწიკვ სოდას ან ნახევარ ჩ. კ. გამაფხვიერებელს ამატებს, ზოგიერთი კი ფქვილთან ერთად სახამებელს იყენებს. ვთქვათ, გჭირდებათ 10 ს. კ. ფქვილი, აიღეთ 9 წილი ფქვილი და 1 წილი კარტოფილის სახამებელი.

მაღალი და მოცულობითი ბისკვიტის საიდუმლოებანი:

  1. დაიცავით ინგრედიენტების თანაფარდობა. ვთქვათ, გსურთ ბისკვიტი, მოამზადოთ 10 კვერცხით. აუცილებლად აიღეთ 10 ს. კ. შაქარი, 10 ს. კ. გაცრილი ფქვილი (ძალიან არ გაავსოთ), მწიკვი ლიმონმჟავა, ვანილი და ცილას ამატებთ მწიკვ მარილს.
  2. აუცილებლად შეარჩიეთ ახალი და დიდი ზომის კვერცხები.
  3. კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა მოათავსეთ მშრალ, ღრმა თასში, ხოლო გულები_ ფინჯანში.
  4. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ თეთრი და ჰაეროვანი მასა.
  5. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ თითო-თითო ს. კ. შაქარი, მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი. თქვეფა არ შეწყვიტოთ.
  6. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
  7. ასევე თითო-თითო კოვზობით დაამატეთ გაცრილი ფქვილი. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. მოსარევად იყენებთ ხის კოვზს.
  8. საცხობ ყალიბში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. აუცილებლად წაუსვით ცხიმი. ცხიმი წაუსვით ფორმის გვერდებზეც.
  9. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-60 წუთი. დრო დამოკიდებულია მოცულობაზე. ცხობის პროცესში ღუმელის კარი არ გამოაღოთ.
  10. თუ შეამჩნევთ, რომ ბისკვიტის გვერდები დაიბრაწა, ხოლო შუაგული ჯერ არ არის გამომცხვარი, ტემპერატურას დაუწიეთ.
  11. შეგიძლიათ ბისკვიტი გამოაცხოთ გაზქურაზე. მხოლოდ აუცილებლად გამოიყენეთ სითბოს გამანაწილებელი. სარქველი გაახვიეთ სამზარეულოს ტილოში და ქვაბს ისე დაახურეთ. გაითვალისწინეთ, გამოსაცხობად შედარებით მეტი დრო დასჭირდება.
  12. ბისკვიტი გააგრილეთ, დანით ფრთხილად მოაშორეთ ყალიბის გვერდებს და შემდეგ ამოიღეთ.