შემოგთავაზებთ ბუნებრივი, ბიუჯეტური და უსაფრთხო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანის დატენიანებას.
1. ზეითუნის ზეთი
კანის მოსავლელად ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ლინოლის მჟავის შემცველობის წყალობით ზეითუნის ზეთი კანს უნარჩუნებს ტენიანობას. ზეითუნის ზეთი მდიდარია E ვიტამინით. ვიტამინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს დაბერების პროცესს.
გაიწმინდეთ სახის კანი და თხელ ფენად გადაისვით ზეითუნის ზეთი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ დღე.
2. კაკაოს კარაქი
კაკაოს კარაქის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას. ბუნებრივი დამატენიანებელი აგარიდებთ კანის სიმშრალესა და აქერცვლას, მოგაშორებთ ნაწიბურებს. კანი ძალიან სწრაფად შეიწოვს კაკოს კარაქს.
მოცემული საშუალება გამოყენებამდე შეათბეთ ხელით და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით სახე თბილი წყლით დაიბანეთ. კაკაოს კარაქი შეგიძლიათ გამოიყენოთ რეგულარულად.
3. ქოქოსის ზეთი
ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ქოქოსის ზეთი კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ანიჭებს ელასტიურობას. ქოქოსის ზეთი შეიცავს კანისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას და ითვლება უნივერსალურ პროდუქტად, რომელიც შეესაბამება ყველა ტიპის კანს.
ქოქოსის ზეთი (მცირე რაოდენობის) გამოყენებამდე გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. შიის (კარიტეს) კარაქი
ეს საოცარი პროდუქტი კანისთვის საოცრებებს ახდენს და საკმაოდ ძვირადღირებულია. შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, E და A ვიტამინებს, აგრეთვე კანისთვის საჭირო სხვა მიკროელემენტებს.
შიის კარაქს იყენებენ დერმატიტის, მზისგან მიღებული დამწვრობებისა და ეგზემის სამკურნალოდ
შიის კარაქის მცირე რაოდენობა შეათბეთ ხელით და შემდეგ თხელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. მოცემული საშუალება, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეგულარულად.
თუ შიის კარაქს ნიღბის სახით კვირაში ერთხელ გამოიყენებთ, თქვენს კანს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანთ.
5. თაფლი
უმარტივესი დამატენიანებელი საშუალების მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი და რძე. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ კანი გამომშრალი გაქვთ, გაიჩერეთ 30-40 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში რამდენჯერმე.
6. ბანანი
ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბანანი კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ებრძვის კანის ასაკობრივ ცვლილებებს. მწიფე ბანანი გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ. მომზადებული საშუალება შეიზილეთ ტანზე, სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.
7. ნაღები
ნაღები ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს. წაისვით ნაღები წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი.
მთავარია, გამოიყენოთ ნატურალური პროდუქტი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.
8. ავოკადო
ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ავოკადოს რბილობი სასარგებლოა კანისთვის. ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს დაბერების პროცესს, ატენიანებს კანს.
ავოკადო გათალეთ და რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ავოკადოს ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 3-4-ჯერ.
9. ალოე ვერა
ეს მცენარე იმდენად ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რომ მის სარგებლიანობაზე საუბარი ზედმეტია.
ალოეს ფოთოლი გაჭერით და გელი წაისვით სახეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ალოეს გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ.
ეფექტის გასაძლიერებლად ალოეს გელს დაამატოთ ქოქოსის ზეთი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ჰერმეტულ კონტეინერში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
10. გლიცერინი
თაობების მიერ დადასტურებულია, რომ გლიცერინი ხელს უწყობს კანის საჭირო ტენიანობის შენარჩუნებას.
მოამზადეთ გლიცერინისა და ვარდის წყლის ნარევი. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით. ნარევი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. უმჯობესია, პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ.
მოუსმინეთ თქვენს კანს. ის თვითონ გიჩვენებთ რა სჭირდება მას. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.