1. ბისკვიტის ცომი
თუ ცილა ცუდად ითქვიფება, სავარაუდოდ, მასში კვერცხის გული მოხვდა. სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – აიღოთ ახალი ცილები და დარწმუნდეთ, რომ გული შიგნით აღარ მოხვდება. ასევე, ცილები ცუდად აითქვიფება, თუ შაქარი ძალიან ადრე დაუმატეთ. ამ შემთხვევაში, ათქვიფეთ ცილები ორთქლის აბაზანაზე.
თუ ბისკვიტი ძალიან მჭიდროა, ხოლო ცომი ღუმელში ცუდად ამოდის, ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ცუდად ათქვეფილი ინგრედიენტები და დიდი რაოდენობით ფქვილი, ჩვეულებრივ, ასეთ სამწუხარო შედეგს იწვევს. გარდა ამისა, არ შეიძლება ბისკვიტის ცომის დიდხანს გაჩერება ღუმელში მოთავსებამდე. გაახურეთ ღუმელი, სანამ ცომს შედგამდეთ. ბისკვიტი კარგად რომ გამოცხვეს, საშუალო ტემპერატურაზე უნდა აცხოთ.
თუ ბისკვიტის ფორმიდან ამოღება გიჭირთ, შესაძლოა, პრობლემა ძველ, უსწორმასწორო ფორმაში იყოს. არ დაგავვიწყდეთ ფორმის კარგად დაზეთვა და ფქვილის მოყრა. თუ ცომში დიდი რაოდენობით შაქარია, ბისკვიტის გაცლა ამ შემთხვევაშიც გაგიჭირდებათ.
2. კექსის ცომი
თუ ცომი კვერცხის დამატების დროს იშლება, შესაძლოა, ძალიან ბევრ კვერცს უმატებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარაქი და კვერცხი, რომლებსაც იყენებთ, თანაბარი ტემპერატურისა იყოს. გააგრძელეთ ცომის თქვეფა, სანამ იგი საჭირო კონსისტენციას არ მიიღებს.
თუ კექსი ღუმელში არ ამოსუქდა, ესე იგი, კარაქი და შაქარი ცუდად ათქვიფეთ. იდევ ერთი ვარიანტი: კარაქი ცომის მოზელვისას დადნა.
თუ კექსი მჭიდრო და წებოვანია, ესე იგი ფქვილი ან სითხე ბევრი მოგივიდათ.
3. ფენოვანი ცომი
თუ კარაქისა და ფქვილის ნამცეცები ერთმანეთს ეწებება, შედგით ცომი მაცივარში – კარაქი გაცივდება და აღარ შეეწებება. თუ ცომი ზედმეტად წებოვანია, დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი და შედგით მაცივარში.
თუ ცომი იფშვნება, ესე იგი, სითხე არაა საკმარისი. დაუმატეთ თითო ჩ.კ. წყალი და თან ფრთხილად დაასველეთ მშრალი ადგილები. თუ ნაკეთობა მშრალი და მყარია, ესე იგი ძალიან დიდხანს აცხობდით.
4. ხაჭოს ცომი
თუ ცომი ძალიან რბილი და წებოვანია, ესე იგი, სველი ხაჭო გამოიყენეთ. დაუმატეთ ფქვილი ან მანი სიტუაციის გამოსასწორებლად. ხოლო თუ ცომი იფშვნება – სითხე აკლია.
5. ფხვიერი ცომი
თუ ცომი ძალიან რბილია, დაუმატეთ ფქვილი. თუ იგი იფშვნება – ამას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: კარაქის ან სითხის უკმარისობა ან ძალიან ცივი კარაქი. არ დაგავიწყდეთ კარაქის გათბობა ოთახის ტემპერატურამდე.
თუ თხევადი შიგთავსი არ გასქელდა, შესაძლოა, ცხობის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, კვერცხი და სახამებელი აკლია ან ნაკეთობამ ბოლომდე მომზადება ვერ მოასწრო.