რატომ ჩაანაცვლეს კორეელმა ქალებმა კოსმეტიკის ნახევარი ბრინჯის ფქვილით

საინტერესოა, რომ სახის კანის კორეული და იაპონური ანტიასაკობრივი საშუალებების უმეტესობა ბრინჯის ფქვილს შეიცავს. მსხვილი სავაჭრო ნიშნები ამ ინგრედიენტს დეკორატიულ კოსმეტიკაშიც ამატებენ. რით არის სასარგებლო ბრინჯის ფქვილი კანისთვის?

პირველ რიგში, ნატურალური საშუალება ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ამის შესახებ ლამაზმანებმა ჯერ კიდევ ძველი დინასტიის დროს იცოდნენ. მაშინ ბრინჯს ალბობდნენ და ნაყავდნენ, შემდეგ მიღებულ ფაფას აშრობდნენ. უდაოდ, ახლა ბრინჯის ფქვილის მომზადება წამებში შეიძლება.

ბრინჯის ფქვილის სახლის პირობებში მომზადება სცადეთ. დარწმუნდებით, რომ ძველი ლამაზმანები არ ცდებოდნენ, ხოლო მათი სილამაზის საიდუმლო ხრიკები დღესაც მოქმედებს.

ბრინჯის ფქვილის თვისებები

პილინგი და კანის ტექსტურის გათანაბრება. ბრინჯის ფქვილი არც ისეთი მაგარი და მსხვილია, როგორც სხვა სკრაბები. სწორედ ამიტომ, ნაზი მასაჟით ყველაზე მგრძნობიარე კანიც არ დაზიანდება. უფრო მეტიც, საშუალება ალერგიას არ იწვევს.

კანის გაღიავება და ბზინვარება. თუ სახის მუქი ფერი გაქვთ და კანმა საჭირო ბზინვარება დაკარგა, ბრინჯის ფქვილი გამოიყენეთ. ერთ კვირაში კანი სასიამოვნო ფერს შეიძენს, ხოლო ერთ თვეში პიგმენტური ლაქები გაქრება.

ფორების შევიწროება. ბრინჯის ფქვილი პრობლემური კანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. შთამნთქმელი თვისებების წყალობით გამონაყარს, ცხიმიანობას, სიწითლეს და ანთებას შესანიშნავად უმკლავდება.

კანის დაჭიმვა და ელასტიკურობა. ბრინჯის ფქვილი ბევრ კალიუმს შეიცავს. ეს ელემენტი კანს ანახლებს და კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს. სახის ოვალი უფრო გამოკვეთილი, კანი კი ძლიერი გახდება.

კვება და დატენიანება. კალიუმის გარდა ბრინჯის ფქვილი მთელ რიგ მინერალებს, ვიტამინებს და ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც კანს ამდიდრებენ და ატენიანებენ.

საშუალებები ბრინჯის ფქვილით

ბრინჯის სკრაბი

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი 1 ს/კ თბილ რძეში ან წყალში გახსენით. კანზე თანაბრად გადაინაწილეთ, რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, შემდეგ რამდენიმე წუთით სახე დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ბრინჯის კომპრესი

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ამ ხსნარში ნაჭრის ნიღაბი ან ბამბის პირსახოცი ჩაალბეთ, გაწურეთ. კომპრესი სახესა და ყელზე 10-15 წუთით გაიჩერეთ. თუ მოსადუნებელი პროცედურის გახანგრძლივება გსურთ, პირსახოცი კიდევ ერთხელ დაასველეთ.

ბრინჯის ყინული

კომპრესის გაკეთების შემდეგ დარჩენილი ხსნარი არ გადაასხათ. სჯობს ყინულის ფორმებში ჩაასხათ და გაყინოთ. ასეთი ყინულის კუბით შეგიძლიათ სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდოთ. მაგალითად, დილით დაბანის შემდეგ და საღამოს კოსმეტიკის მოშორების შემდეგ. გაყინული ბრინჯის ხსნარი მატონიზირებელ ეფექტს ფლობს.

ბრინჯის ნიღაბი სახისა და ყელისთვის

კანის გამათანაბრებელი ბრინჯის ნიღაბი რომ მოამზადოთ, 1 ს/კ ფქვილი და 2 ს/კ ცხიმიანი არაჟანი აურიეთ. ნარევი სახესა და ყელზე წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საუკეთესო ეფექტისთვის სახის და ყელის კანი ბრინჯის ყინულის კუბებით გაიწმინდეთ.

ბრინჯი-ცილის ნიღაბი

კვერცხის ცილა 2 ჩ/კ ფქვილს აურიეთ. ნიღაბი სახესა და ღაბაბზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე ბრინჯის ყინულის კუბით გაიწმინდეთ.

როგორც ხედავთ, ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უამრავი ფულის დახარჯვა საჭირო არაა. როგორც ჩანს, ხარისხიანი და ღირებული საშუალების მომზადება სახლშიც შეიძლება. უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ბრინჯის ფქვილი სახის კანისთვის სასარგებლოა. ისღა დაგრჩენიათ, შესაფერისი საშუალება შეარჩიოთ და საკუთარი თავი გაახაროთ.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ სახე პროცედურისთვის მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სახეზე მაკიაჟი და კრემი არ უნდა გესვათ. კანი სპეციალური ლოსიონით ან ტონიკით გაიწმინდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სკრაბი გამოიყენოთ. გარდა ამისა, კომპრესის და ორთქლის აბაზანის მიღება სცადეთ.