ერთ-ერთი ეპიკური კითხვაა: როდემდე უნდა ვაუთოვოთ? ეს კითხვა დეიდაჩემმა ერთ-ერთ ჩემს დაქალს დაუსვა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა: ჩემი დაქალი გაქვავდა, რადგან არ იცოდა, რა ეპასუხა, დეიდამ კი, რეაქცია რომ შენიშნა, უხერხულად იგრძნო თავი. შემდეგ საინტერესო დიალოგი გაიმართა დაუთოვებისა და, ზოგადად, საწოლის თეთრეულისთვის საუკეთესო ქსოვილის შესახებ. დეიდა ხომ დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს, იქაურ წესრიგსაა მიჩვეული.
უნდა ითქვას, რომ ჩემი დაქალი გაოგნებული დარჩა – დეიდაჩემის არგუმენტები, მართალია, რკინა-ბეტონისა არ იყო, თუმცა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა. ჩვენმა რედაქციამაც სიამოვნებით მოისმინა ისინი და ახლა გთავაზობთ, ერთად განვიხილოთ, თუ რამდენად საჭიროა რეალურად საწოლის თეთრეულის დაუთოვება.
საუკეთესო ქსოვილი საწოლის თეთრეულისთვის
ბაზარზე მრავალ საინტერესო ვარიანტს იხილავთ, ჩვენ კი მათ უფრო ახლოს გაგაცნობთ, არჩევანს კი თქვენ მოგანდობთ. იქნებ, გინდათ, რომ თეთრეულმა 1000 რეცხვას გაუძლოს და 10 წელი გემსახუროთ. ან პირიქით, ჩვევად გაქვთ მუდმივი განახლება, ამიტომ რამე იაფი და პრაქტიკული გაწყობთ.
1. ნარმა
ეს ყველაზე პოპულარული ქსოვილია. პირველ რიგში, თავისი ნატურალურობის დამსახურებით. ნარმა 100%-ით ბამბისგან შედგება. ქსოვილი გამძლე, იაფი, ჰიპოალერგიულია. თითქოს ზედ ბავშვის საწოლისთვისაა გამოჭრილი. ფასისა და ხარისხის საუკეთესო შერწყმაა.
2. ატლასი
ნატურალური და ლამაზი ქსოვილია, რომელიც ორმაგად ნაქსოვი დახვეული ბამბის ძაფისგან მზადდება. ატლასი აბრეშუმივით ელვარებს, იწვევს მსგავს შეგრძნებებს, თუმცა გაცილებით იაფია. ატლასის თეთრეული 300-მდე რეცხვას იტანს და თითქმის არ იჭმუჭნება. ეს სადღესასწაულო თეთრეულია.
3. სელი
ეს ასწლოვანი ისტორიის მქონე კლასიკაა. სელის თეთრეულს უნიკალური თვისებები აქვს: სიცხეში სასიამოვნოდ გაგრილებთ, სიცივეში კი – პირიქით, გათბობთ. იტანს აურაცხელი რაოდენობით რეცხვას, რომელიც ქსოვილს მხოლოდ აღიავებს. თუმცა, მთვარის ქვეშ მარადიული არაფერია.
4. ჩითი
ყველაზე იაფი და უბრალო ქსოვილია, რომელიც შეგრძნებებით ყველაზე მეტად ნარმას ჰგავს. ჩითის თეთრეული სწრაფად ცვთება, სამაგიეროდ, თითქმის არ იჭმუჭნება. თუ სხვადასხვა ნახატი და ფერი მოგწონთ ან ხშირად იცვლით თეთრეულს, რატომაც არა?
5. აბრეშუმი
ეს ქსოვილი მეფეებისთვისაა. არამხოლოდ ლამაზი, გამძლე და ჰიპოალერგიულია, არამედ სამკურნალო თვისებებიც აქვს. ითვლება, რომ აბრეშუმის თეთრეულზე ძილი გაციებას სწრაფად კურნავს. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ძვირია.
6. პოპლინი
ხელმისაწვდომი და უპრეტენზიო ყოველდღიური ქსოვილი. ძალიან რბილია, უყვარს მკვეთრი ფერები და მარტივად ირეცხება. შეაგდებ მანქანაში, გააშრობ და ეგაა. შეგიძლიათ 60 გრადუსზეც გარეცხოთ.
7. ბამბუკი
ჩვენს რეგიონში ახალ ქსოვილად ითვლება, თუმცა პოპულარობა უკვე დაიმსახურა. ბამბუკის თეთრეული თითქოს სხეულს ერგება და ხარისხიან ძილს უზრუნველყოფს. მოსავლელადაც საკმაოდ მარტივია – კარგად ირეცხება და დიდხანსაც ძლებს.
რატომ არაა საჭირო საწოლის თეთრეულის დაუთოვება?
ერთ კონცეპტუალურ საკითხში უნდა გაერკვეთ – საერთოდ რატომ აუთოვებენ თეთრეულს? ეს ძველი ტრადიციაა – ჩვენ ხომ საწოლში მთელი ცხოვრების მესამედს ვატარებთ, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადრე რა ხდებოდა? მდინარეში გაავლებდნენ, შემდეგ კი ცხელი უთოთი მიკრობებს კლავდნენ. თანამედროვე სამყაროში ეს საკმაოდ არააქტუალურია.
დეიდაჩემის სიტყვით შემდეგი გაირკვა: ადრე დაუთოვებას მართლაც ჰიგიენური დატვირთვა ჰქონდა. ახლა თითქმის ყველა ოჯახშია სარეცხი მანქანა და ნებისმიერი სარეცხი საშუალება, მათ შორის, ანტიბაქტერიულიც. საწოლის თეთრეული 90 გრადუსზეც კი ირეცხება – ამას რომელი ბაქტერია გაუძლებს?
გარდა იმისა, რომ სარეცხ მანქანებს შრობისა და დაუთოვების ფუნქცია აქვს, თანამედროვე ქსოვილებს დიდად არც სჭირდება ის, რომ რეცხვის შემდეგ დაუთოვდეს. მაგალითად, აბრეშუმი, პოპლინი და ჩითი საერთოდ არ საჭიროებს დაუთოვებას, სელის დაუთოვებას კი უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან ოდნავ შეხებაზეც კი იჭმუჭნება. თუ შინაგანი ესთეტი ზედმეტად მგრძნობიარე გყავთ, რეცხვის შემდეგ თეთრეული გაშალეთ და დაკეცეთ ნაკერების მიხედვით – დაუთოვებულივით იქნება.
იტალიელებს კი მიაჩნიათ, რომ ძალისხმევა და დრო არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც მეორე დღეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ დაიჭმუჭნება. რატომ უნდა დაიტვირთოთ თავი და ელექტროენერგიაც დაახარჯოთ? მათი აზრით, ეს უბრალოდ ჩვევის ძალაა, რომელთან განშორებაც ცხოვრებაში არაფერს გააფუჭებს. რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
თუ დაუთოვენას განაგრძობთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, თუ რატომ უნდა გააკეთოთ ეს აუცილებლად. მართლა გაგვიხარდება, თუ იმასაც გვირჩევთ, თუ რომელი ქსოვილია საუკეთესო საწოლის თეთრეულისთვის.