როგორ მოვიშოროთ ნაკვეთიდან ლოქორები

თესლი დათესილია, ნერგები – დარგულია, თუმცა ნაკვეთზე მუშაობა მხოლოდ ახლა იწყება. სარეველებთან და მავნებლებთან ბრძოლა პირველხარისხოვანი ხდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია ნაკვეთის დამუშავება სპეციალური ქიმიური საშუალებებით, თუმცა, როგორ აისახება ეს უკვე დამწიფებულ კულტურაზე – წარმოდგენაც კი არ მინდა. ამიტომაც მივმართავთ ხოლმე ხალხურ მეთოდებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოვიშოროთ ნაკვეთიდან ლოქორები ერთი ხელის მოსმით.

ეს მოსრიალე მავნებლები განსაკუთრებით აქტიურად მრავლდებიან, როცა გარეთ ნესტი დგას და წვიმიანი ამინდებია. ამ დროს არაფრის შეშხეფება და მარილის მოყრა არ უშველის. ლოქორების საყვარელი კომბოსტო კი რამდენიმე დღეში ბადედ გადაიქცევა. მოხერხებული აგრონომები ასე მარტივად არ ნებდებიან. აი, რა მოიფიქრეს მათ.

როგორ ვებრძოლოდ ლოქორებს ეფექტურად

ლოკოკინები და ლოქორები სხვადასხვა მცენარეს მიირთმევენ, თუმცა უპირატესობას კომბოსტოს, კიტრსა და მწვანილს ანიჭებენ. მავნებლები, ხშირად, კვერცხებს კომბოსტოს თავის ქვედა ნაწილში დებენ. ასე მოლუსკებს კომბოსტოს ჭამა მოკრეფის შემდეგაც, შიგნიდან შეუძლიათ.

ჯერ კიდევ რამდენიმე ათერული წლის წინ, ლოქორების მოსაშორებლად იხვებს იყენებდნენ. მათ კომბოსტოს ნერგებთან ახლოს უშვებდნენ, თუმცა მსუნაგი ფრინველები მოსავალს უფრო სწრაფად ანადგურებდნენ, ვიდრე მავნებლები, ამიტომაც ეს მეთოდი წარსულს ჩაბარდა.

ჩვენ ნაკლებად ექსტრემალურ და უფრო ეფექტურ მეთოდებს შემოგთავაზებთ. მათ შორის ყველაზე ეფექტური და პოპულარული აღმოჩნდა სატყუარა. ჩაფალით რამდენიმე სამლიტრიანი ქილა ან სხვა ჭურჭელი მიწაში ისე, რომ ყელი ნიადაგის დონეზე აღმოჩნდეს. ჩაასხით მათში ცოტაოდენი კომპოტი ან შაქრიანი წყალი.

საქმე ისაა, რომ ლოქორებს ტკბილეულიც უყვართ. სუნს იგრძნობენ თუ არა, სატყუარაში ჩასრიალებას მოინდომებენ და დაიხრჩობიან. ჭურჭელი რეგულარულად უნდა შეამოწმოთ – 2 დღეში ერთხელ მაინც. გაწმინდეთ სავსე ქილები და ჩაასხით ახალი სითხე. სატყუარად, ასევე, გამოდგება ლუდი ან კომბოსტოს ფოთლები.

თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა და უახლოეს დღეებში წვიმა არაა მოსალოდნელი, დაამუშავეთ კომბოსტო თამბაქოსა და ხის ფერფლის ნარევით. შეურიეთ თამბაქოს ფქვილი და ფერფლი თანაბარი რაოდენობით. მოაყარეთ მცენარესა და ნიადაგს, დაახლოებით 1/4 ჭიქა 1 კვ.მ.-ზე. პროცედურა საღამოს შეასრულეთ, როცა ლოქორები თავშესაფრებიდან გამოძვრებიან.

რკინის ფოსფატი ბუნებრივი მინერალია, რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ლოქორებს. მცირე რაოდენობით, იგი უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის. მინერალი თანდათან იშლება მიწაში და მცენარეების სასუქად იქცევა. მოლუსკებში პრეპარატი იწვევს საკვების მონელების შეჩერებას, რისგანაც რამდენიმე დღეში იღუპებიან.

მავნებლების მოშორება ყოველთვის რთული, მაგრამ შესაძლებელია. არ მისცეთ ლოქორებს მოსავლის განადგურების საშუალება. ეცადეთ, მეთოდები კომპლექსურად გამოიყენოთ. ასე შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება.