ცნობილია, რომ მცენარეები ბავშვის ოთახისთვის მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. სანამ ამა თუ იმ მცენარეს შეიძენდეთ, აუცილებლად დარწმუნდით თქვენი არჩევნის სისწორეში.
ამ ოთახში ყვავილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აფრქვევდეს მძაფრ სურნელს. ასევე, გასაგებია, რომ არც კაქტუსია საუკეთესო ვარიანტი საბავშვო ოთახის გასალამაზებლად, საშიში ეკლების გამო.
მაშ, რომელი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს იდეალური “საბავშვო მცენარე”? ჩვენი რედაქცია ამ კითხვაზე სწორედ ამ სტატიით გაგცემთ პასუხს.
მცენარეები ბავშვის ოთახისთვის
1. კალანჰოე
კალანჰოე არ გამოირჩევა განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით. თუმცა, ეს მცენარე ბავშვს არ ავნებს, რაც ნამდვილად დადებითი თვისებაა.
ამასთან, კალანჰოე საკმაოდ უპრეტენზიოა. ერთადერთი, რაც მას რეგულარულად სჭირდება, არის მზის სხივები, ამიტომ ბავშვს მისი მოვლა არ გაუჭირდება.
2. შლუმბერგერა (დეკემბერა)
უამრავი ხალხური ცრურწმენა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს სახლში არსებულ ატმოსფეროზე აყვავებული დეკემბერა. იმის გასაგებად, თუ რომელი მათგანია სწორი და რომელი – არა, თითოეული მათგანის დეტალური ანალიზია საჭირო.
თუმცა, საბედნიეროდ, იმის გასაგებად, რომ ეს მცენარე აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვისთვის, მეცნიერული კუთხით, საკმარისია ოთახის მცენარეების ენციკლოპედიის წაკითხვაც.
3. ქლოროფიტუმი
ქლოროფიტუმს აქვს უნარი, ჰაერიდან შეიწოვოს მავნე ნივთიერებები და მტვერი, სამაგიეროდ კი სუფთა ჟანგბადს გამოყოფს. ხალხში მას ჰაერის სანიტარს ტყუილად კი არ უწოდებენ.
შეიძლება კი ბავშვის ოთახისთვის უფრო შესაფერისი მცენარის პოვნა? კი:
4. სპატიფილუმი
ეს გახლავთ ქლოროფიტუმის კონკურენტი ბავშვის ოთახის ყველაზე სასარგებლო მცენარის წოდების მოპოვებაში. ულამაზესი მცენარე მსხვილი ყვავილებითა და ფოთლებით არამხოლოდ წმენდს ჰაერს, არამედ ატენიანებს მას.
5. სანსევიერია
წინა მცენარეებისგან განსხვავებით, სანსევიერია საგულდაგულო მოვლას ითხოვს. თუმცა, ამას მის ნაკლად ვერ მივიჩნევთ. ასეთი მცენარის მოვლა ბავშვს სწრაფად ჩაუნერგავს პასუხისმგებლობისა და წესრიგის შეგრძნებას.
როცა სანსევიერიას ფოთლები გაწმენდილია, იგი თავისუფლად სუნთქავს და, მადლიერების გამოსახატავად, ჰაერსაც წმენდს.
6. ბეგონია
ეთერზეთების წყალობით, ბეგონია ერთგვარი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც ჰაერს ბაქტერიებისა და მტვრისგან წმენდს.
7. ლიმონის ხე
ლიმონის ხე ბავშვის ოთახს შეუდარებელი სიახლის, სისუფთავისა და სიმსუბუქის შეგრძნებით ავსებს. საძინებელში ასეთი მცენარის არსებობა პატარას ჯანსაღ და ღრმა ძილს უზრუნველყოფს, მთელი ღამის განმავლობაში.
8. კვიპაროზი
კვიპაროზიც ჰაერის გამწმენდის ფუნქციას ასრულებს, თუ კარგად მოუვლით. ეს მოვლა კი ითვალისწინებს არამხოლოდ რეგულარულ მორწყვას, არამედ წყლის შეშხეფებასაც.
ეს მცენარეები არამხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ მას უფრო კეთილსა და პასუხისმგებლიანს გახდის, რამეთუ არ არსებობს ბავშვისთვის სიკეთის სწავლების იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების მოვლაა.