მიკროტალღური ღუმელი სასარგებლო მოწყობილობაა. იგი სწრაფად აცხელებს საკვებს, ალღობს ხორცს და რამე გემრიელის მომზადების საშუალებასაც კი გვაძლევს. ყველა ეს პროცესი ღუმელში საშინელ სუნსა და ჭუჭყს ტოვებს. სიჩქარეში, მომხმარებელს ხშირად ავიწყდება ღუმელის გაწმენდა, ცხიმი კი კედლებზე თვეების მანძილზე გროვდება. ამის შემდეგ, მიკროტალღური ღუმელის წმენდას გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
პროცესის გასამარტივებლად, ზოგიერთი ექსპერიმენტატორი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის ჭუჭყს. ხანდახან, ყველაზე უცნაური და მოუხერხებელი საშუალება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, სველი ხელსახოცები. ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე ხელსახოცი ყველაზე ძველ ცხიმის ლაქასაც კი გაუმკლავდებოდა. პროცესი ძალიან მარტივი იქნება და სულ რამდენიმე წუთს წაიღებს.
როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი
სველმა ხელსახოცებმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყოველთვის ხელთ უნდა გვქონდეს. მათ აქტიურად იყენებენ მგზავრობისას, ხელებისა და ნივთების გასაწმენდად, ბავშვების მოსავლელად. დღეს კი ჩვენ ამ ხელსახოცებით მიკროტალღურ ღუმელს გავწმენდთ.
აიღეთ 1 შეკვრა საბავშვო სველი ხელსახოცები. სწორედ ასეთ შეკვრებში ქსოვილის ნაჭრები ნამდვილად სველია. ზომით კი ჩვეულებრივებზე გაცილებით დიდია.
აიღეთ 7-10 ხელსახოცი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. რაც უფრო ჭუჭყიანია ღუმელი, მით მეტი ხელსახოცი დაგჭირდებათ.
დახურეთ კარი და ჩართეთ ღუმელი 2 წუთით, ჩვეულებრივი გათბობის რეჟიმზე. დროის გასვლის შემდეგ, ქსოვილებიდან სითხე აორთქლდება და ღუმელის კედლებზე დაიკავებს ადგილს.
გაიკეთეთ ხელთათმანები, ცხელმა ქსოვილმა რომ არ დაგწვათ. აიღეთ ერთი ხელსახოცი და მოუსვით ჭუჭყიან ადგილებს. ასე გაწმინდეთ ღუმელი დარჩენილი ხელსახოცებით.
არაა საჭირო დამატებითი ქიმიური საშუალებების გამოყენება. ღუმელის კედლებიდან ცხიმი მარტივად და სწრაფად მოშორდება. სულ რამდენიმე წუთში, თქვენი ღუმელი სრულყოფილად სუფთა იქნება, დაბინძურებულ მოწყობილობას კი მხოლოდ ჭუჭყიანი ხელსახოცები თუ შეგახსენებთ.
ღუმელის წმენდის უჩვეულო მეთოდი აუცილებლად მოგეწონებათ. ასევე, შეგიძლიათ ღუმელი სველი ხელსახოცით ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდოთ. სწორი მოვლა და ნაზი მოპყრობა ხომ ტექნიკის ექსპლუატაციის ვადას გაზრდის. უსიამოვნო სუნის გაქრობაში კი ლიმონი დაგეხმარებათ.