შემოგთავაზებთ სახლში მომზადებული უგემრიელესი ბურახის რეცეპტს. მოამზადეთ და აუცილებად გაგახსენდებათ ბავშვობა, როცა კასრიდან გადმოსხმული ცივი ბურახით პირს ჩაიკოკლოზინებდით ხოლმე. მოსამზადებლად ძალიან მარტივია და გემო კი განუმეორებელი.
საჭირო იგრედიენტები:
- სასმელი წყალი 5 ლ
- ვარდკაჭკაჭა
- ლიმონის მჟავა ან წვენი 1- 1,5 ჩ. კ.
- შაქარი 650-700 გრ
- საფუარი 5გრ
მომზადების წესი:
აიღეთ დიდი ემალის ქვაბი, დაახლოებით 6-7 ლიტრიანი. ჩაასხით 5 ლიტრი წყალი, დაამატეთ ლიმონის მჟავა, ვარდკაჭკაჭა და შაქარი, კარგად მოურიეთ და დადგით გაზქურაზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით, შეაგრილეთ და ჯერ კიდევ თბილს დაამატეთ საფუარი. ასაფუებლად დადგით თბილ ადგილზე, დააყოვნეთ 4 საათით. ბურახი მზადაა, როცა ზედაპირზე ქაფს გაიკეთებს.
მომზადებული ბურახი გადაასხით ბოთლებში და გააციეთ. ახლა ისღა დაგრჩენიათ ცივი ბურახი მიირთვათ და გადაეშვათ წარსულ მოგონებებში.